“ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სარჯველაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უპირველესად მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ჩემს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია. ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალი არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება, თუ იქნება ეს თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით შევძლებთ ვიყოთ წარმატებული გუნდი. დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ, შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას“,- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.