ზელენსკი: ბელარუსმა სუვერენიტეტი დაკარგა და დიპლომატიური ოკუპაციის ქვეშ იმყოფება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსმა სუვერენიტეტი დაკარგა და დიპლომატიური ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული მხოლოდ გარკვეული ტერიტორიით, ქალაქით, სოფლით, ყირიმით ან დონბასით. ის დაინტერესებულია უკრაინის სრულად განადგურებით, დამოუკიდებელი უკრაინის ყველა მიწის ანექსირებით. და ის ასეთ რამეებს აკეთებს ან იარაღის ძალით, ან პოლიტიკურად. ის, რაც მან ბელარუსში გააკეთა, გააკეთა მსხვერპლის და სისხლის ღვრის გარეშე – ეს ჯერჯერობით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პუტინი სრულად აკონტროლებს როგორც ძალაუფლების ბლოკს, ასევე ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ ჯარებს, რისი დასტურიც არის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული არმიის თავდასხმა და სარაკეტო დარტყმა.
„ანუ ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის დიპლომატიური ოკუპაცია და ბელორუსის სუვერენიტეტის დაკარგვა“, – დასძინა პრეზიდენტმა.