სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში პატიმარი თვითდაზიანების გამო გარდაიცვალა
სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ერთი პატიმარი ნიკოლოზ შენგელია გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საჯარო ინტერესის გამო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე.
სასჯელაღსრულების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნიკოლოზ შენგელიამ (დაბ. 1983 წ.) კისრის მიდამოში, საძილე არტერიის საპროექციო არეში მიიყენა ნაკვეთი თვითდაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
„ნიკოლოზ შენგელიას წარსულში მიყენებული ჰქონდა არაერთი დაზიანება, ასევე ჩატარებული ჰქონდა ქირურგიული ოპერაციები უცხო სხეულების გადაყლაპვის გამო. ამ მიზეზით იგი გადაყვანილი იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და გადიოდა ფსიქიატრიულ მკურნალობას, ხოლო 2014 წლის იანვარში, აუტოაგრესიის, არამოტივირებული ემოციური ქცევისა და არაადეკვატური მოთხოვნების გამო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნით, ჩაუტარდა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებული არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებდა. ასევე დადგინდა, რომ იგი დაავადებული იყო არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით (F07.0). ნიკოლოზ შენგელია სასჯელს იხდიდა 2004-2010 წლებში, რის შემდეგაც გათავისუფლდა. 2010 წელს ის კვლავ დააკავეს და გასამართლებულ იქნა განმეორებითი დანაშაულისთვის.შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს”, – აღნიშნულია განცხადებაში.