შალვა პაპუაშვილი: მივესალმები NED-ის დირექტორის განცხადებას, ახლა გადავიდნენ საქმეზე, ჩახსნან ყველა დაფინანსება „ენჯეობისთვის“, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში
მისასალმებელია, რომ NED-ის დირექტორისგან პირველად მოვისმინეთ, რომ პოლიტიკოსი არასამთავრობო სექტორში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, არ არის სამოქალაქო საზოგადოება. ახლა გადავიდნენ საქმეზე, ჩახსნან ყველა დაფინანსება, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კენ ვოლაკის განცხადებას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ზუსტად ორგანიზაცია NED-ი აფინანსებს გახარიას პარტიის „ენჯეოს“, რომელიც შექმნილია მისი პარტიის წევრების მიერ, ანა დოლიძის დაფუძნებულ „ენჯეოს“, ასევე, გიორგი კანდელაკის „სოვლაბს“.
„მივესალმები ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ფონდის NED-ის ხელმძღვანელის განცხადებას და დადასტურებას იმის, რომ პოლიტიკოსი არასამთავრობო სექტორში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზანი, არ არის სამოქალაქო საზოგადოება. ამას ვამტკიცებთ უკვე რამდენი ხანია და მისასალმებელია, რომ NED-ის დირექტორმა ეს დაადასტურა. ეს ფიცი მოგვწონს, ახლა გვინდა მტკიცებულებაც, რომ საქმეში აისახოს ეს ყველაფერი. ზუსტად ეს ფონდი აფინანსებს პარტიულ „ენჯეოებს“. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, მისი დაფუძნებულია. ეს არის „სოვლაბი“, სადაც გიორგი კანდელაკია ლიდერი. ეს არის „ხალხისთვის“ და „პროგრესის ცენტრი“, რომელიც ანა დოლიძის დაფუძნებულია. ყველა ამ „ენჯეოს“ დამფუძნებელი და ლიდერი არის პოლიტიკოსი, პარტიული ლიდერები და ყველა პარტიული ლიდერი ჯიბეში ფულს იდებს უცხოეთიდან. ამიტომ ეს ფიცი გავიგეთ, ახლა საჭიროა საქმეზე გადასვლა. თუ ეს არის გულწრფელად ნათქვამი სიტყვები, უნდა შეწყვიტოს დაფინანსება ყველა ამ ფონდებმა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების. ასევე საუბარი იყო ხელმძღვანელების მხრიდან გამჭვირვალეობაზე, თუ რომელიმე ფონდი არის გაუმჭვირვალე, ეს არის ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის განვითარების ფონდი NED-ი. მე პირადად, არაერთხელ მოვუწოდე სხვადასხვა არხით, პირადი შეხვედრების, თუ სხვა დროს, რომ ქართველი ხალხისთვის გაასაჯაროონ რა პროექტებს აფინანსებენ. როცა ამბობენ, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან, რაში ეხმარებიან ამ ქართველ ხალხს, არ ეუბნება არავინ? სამწუხაროდ, ეს გასაჯაროება არ ხდება. დამალულია მათი მხრიდან დაფინანსებული პროექტები და სამწუხაროდ, არ საჯაროვდება. ეს რა თქმა უნდა არ პასუხობს არათუ ამერიკულს, არანაირ გამჭვირვალობის ყველაზე დაბალ სტანდარტსაც კი. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, ამ განცხადების შემდეგ, რომელიც მისასალმებელია, და ეს პირველად მოვისმინეთ ჩვენ უცხოელი აქტორისგან, აქამდე გვერდის შემოვლა მიდიოდა ხოლმე, ახლა გადავიდნენ საქმეზე, ჩახსნან ყველა დაფინანსება, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.