თენგიზ შარმანაშვილი – ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, მოდით, ერთად გავაკეთოთ ეს პროექტი ისე, რომ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს – როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არ აპირებენ
“პარლამენტის თავმჯდომარემ მიანიშნა, რომ იმას, როგორია ამომრჩეველთა განწყობა, ოპოზიციური პარტიები უშუალოდ გაიგებენ ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს. შეუძლებელია, რომ ეს მათ ყურამდე არ მიიტანოს ამომრჩეველმა”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას, რომელიც ანტიპროპაგანდისტულ კანონს ეხებოდა.
„ეს იყო კიდევ ერთი შანსი ოპოზიციისთვის, რომ მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ არ მოგვიტანია გამზადებული პროექტი და არ გვითქვამს, დაეთანხმეთ ან არ დაეთანხმოთ. ჩვენ შევთავაზეთ – მოდით ერთად გავაკეთოთ ეს პროექტი ისე, რომ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს. როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არ აპირებენ. არც ერთ საკითხში, რომელიც კონსენსუსს მოითხოვდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. პარლამენტის თავმჯდომარემ მიანიშნა, რომ იმას, როგორია ამომრჩეველთა განწყობა, უშუალოდ გაიგებენ ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს. შეუძლებელია, რომ ეს მათ ყურამდე არ მიიტანოს ამომრჩეველმა.
სამწუხაროდ, არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი წარმოადგენს ე.წ. ფსევდოლიბერალების რადიკალურ ჯგუფებს. ისინი ყოველგვარ ზღვარს გადასულ რეგულაციებს გვთავაზობენ, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი და ა.შ. ამაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნებშიც არაა. როდესაც 2017 წელს ქორწინების საკითხი დავარეგულირეთ როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, თეორიულად შეიძლება ვინმეს ჰქონოდა ამის საწინააღმდეგო მოსაზრება. მე მახსენდება, რომ ამას ისე რადიკალურად გამოხატავდნენ – ეს იყო „საია“, „ღია საზოგადოება“, ISFED-ი და სხვა ორგანიზაციები – ეს ჩემში ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევდა, იმდენად რადიკალურად გვეწინააღმდეგებოდნენ. შემდეგ მოითხოვეს, რომ სამოქალაქო პარტნიორობა შემოვიღოთ, მაგრამ იმავე შინაარსით და უფლებებით განპირობებული. სადაც ეს გააკეთეს, შემდეგ დაიწყეს მოთხოვნა, რომ ასეთმა წყვილებმა მოიპოვონ ბავშვების აყვანის უფლება. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენც ამ გზისკენ გვიბიძგებდნენ, მაგრამ ამას ვერაფრით დავეთანხმებოდით და დავარეგულირეთ ისე, როგორც დავარეგულირეთ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.