ირაკლი ვეშაპიძე – „მთავარის შაბათში“ ჩემ წინააღმდეგ მომზადებული, ტყუილზე აგებული სიუჟეტი შანტაჟის გადაფარვის უხეირო მცდელობაა”
კლასიკური შანტაჟი, – ასე აფასებს კომპანია „ასკანგელ ბენტონიტის“ ყოფილი დირექტორი, ირაკლი ვეშაპიძე ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „მთავარის შაბათი“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ოზურგეთელ ელენე მახარაძესა და კომპანია „ასკანგელ ბენტონიტს“ შორის 7 წლის წინ დაწყებულ დავას ეხება.
ირაკლი ვეშაპიძის განცხადებით, ეს იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური სიუჟეტი მის წინააღმდეგ, არამედ ფაქტების გამიზნული გაყალბებით მისი ოჯახის უსაფუძვლო დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენდა.
მისივე თქმით, ქალბატონ ელენე მახარაძესა და კომპანია „ასკანგელ ბენტონიტს“ შორის დავა 7 წლის წინ, კომპანიაში მის მისვლამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო და შეეხებოდა მისი კუთვნილი მიწის შესაძლო სადაო გამოყენების და არა – მიწის მითვისების თემას, როგორც ეს სიუჟეტშია წარმოჩენილი.
„კომპანიაში სულ სამიოდე წელი ვიმუშავე და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გადავიკვეთე ამ ქალბატონთან და ორივე შეხვედრას ესწრებოდა არაერთი ადამიანი, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მისი მისამართით ჩემი მხრიდან რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია. რასაც ვერ ვიტყვი ქალბატონ ელენეზე , რომელიც ცდილობდა დავეშანტაჟებინე დედაჩემის, ნათია თურნავას მინისტრის თანამდებობაზე ყოფნით და, შავი პიარის შესაძლო აგორების შიშით, მიმეღო უკანონო, მისთვის სასურველი გადაწყვეტილება“, – აცხადებს ირაკლი ვეშაპიძე.
ირაკლი ვეშაპიძის თქმით, აღნიშნულ თემას ტელეკომპანია „მთავარმა“ სიუჟეტი ორი წლის წინაც მიუძღვნა და მათ მიერ ამ საკითხის ხელახლა გაცოცხლება იმ პირობებში, როცა წელიწადზე მეტია კომპანიაში აღარ მუშაობს, სხვა არაფერია, თუ არა მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესი.
„საზოგადოებას არ გაუჭირდება მიხვდეს, თუ რა კონტექსტი ჰქონდა ტელეკომპანიის მიერ „ოზურგეთელი პენსიონერის“(„მთავარის“ ჰედლაინი) უსაფუძვლო პრეტენზიების ასე ხელოვნურად წამოწევას. მაგრამ, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, მთავარი ამ ამბავში მაინც სხვა რამეა, რომელიც „მთავარს“ „გამორჩა“. კერძოდ, თუ კომპანიამ შელახა ქალბატონი ელენეს ინტერესები, რატომ არ უჩივის იგი დღემდე კომპანიას სასამართლოში და რატომ ცდილობს დავა წარმართოს კომპანიის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ? ხომ არ უდის დავის ასეთ გაუგებარ, აბსურდულ და მოდავისთვის სამართლებრივად არაფრისმომცემ ტაქტიკას მარტივი შანტაჟის სუნი? ამ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა საზოგადოებას არ გაუჭირდება, რომელმაც მინდა ასევე იცოდეს, რომ აღნიშნულ თემაზე, სიუჟეტის ცრუ ინფორმაციისგან განსხვავებით, საგამოძიებო ორგანოებისთვის დიდი ხანია მიცემული მაქვს ჩვენება, საქმეზე მყავს უტყუარი მოწმეებიც და თუ კიდევ გაგრძელდება უტიფარი, ცრუ ბრალდებებით ჩემი ოჯახის უსაფუძვლო დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი მხრიდან ადგილი ექნება სათანადო სამართლებრივ რეაგირებას“, – აცხადებს ირაკლი ვეშაპიძე.