სიკვდილი სიყვარულისთვის – უკანასკნელი „კანონიერი ქურდი“ ქალი აგლაია დემიდოვა

როგორც ცნობილია, ქალები „კანონიერი ქურდები“ არ ხდებიან. გამონაკლისი ყველაზე ავტორიტეტული და სასჯელმოხდილი ქალის შემთხვევაშიც კი რ არსებობს, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში შესაძლებელი იყო, სსრკ-ის ბანაკებსა და ციხეებში „ქურდის“ სტატუსის მქონე ქალს შეხვედროდით. უკანასკნელი მათგანი იყო აგლაია დემიდოვა  – გამოცდილი დამნაშავე, რომელიც სიყვარულმა დაღუპა.
„კანონიერი ქურდების“ კრება, რომელზეც დაადგინეს, რომ ქალები აღარ მიეღოთ „ქურდულ ოჯახში“, 1956 წელს შედგა. ეს გადაწყვეტილება დიდხანს მწიფდებოდა, მაგრამ უკანასკნელი წვეთი სწორედ აგლაია დემიდოვას ისტორია აღმოჩნდა – ტრაგიკული, მაგრამ რომანტიკული.
აგლაიას დაბადების ზუსტი თარიღი, ისევე, როგორც ადგილი, არავისთვისაა ცნობილი. სავარაუდოდ, ის გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა მოსკოვში ან მის შემოგარენში. „ქურდული სამყაროს“ „არისტოკრატი“ პატარა ასაკიდანვე ჯიბის ქურდობით იყო დაკავებული.
15 წლის ასაკში აგლაია პირველად მოხვდა არასრულწლოვანთა კოლონიაში. ამის შემდეგ  დემიდოვა კიდევ სამჯერ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა და საერთო ჯამში, პატიმრობაში 12 წელი გაატარა.
ლამაზი,  ცოტა თავხედი და მხიარული ქურდი ხალხში სიმპათიას იწვევდა. ის მარტივად ქურდავდა ადამიანებს და ადვილად პოულობდა საერთო ენას თანამესაკნეებთან. უკვე 30 წლის ასაკში დემიდოვა „ქურდად“ აკურთხეს და „ქურდული ოჯახის“ სრულფასოვანი წევრი გახდა. აგლაიას სიტყვას დამნაშავეთა სამყაროში საკმაოდ დიდი წონა ჰქონდა. „კოლეგა“ მამაკაცები მას ენდობოდნენ და სიამოვნებით მიჰყავდათ საქმეზე.

 

ფოტო პირობითია

კრიმინალურ სამყაროში მაღალი სტატუსის მიღების შემდეგ ქურდმა სპეციალობა შეიცვალა. ჯიბის ქურდობის შემდეგ მან მაღაზიებზე, სალაროებსა და ბინებზე თავდასხმა დაიწყო. ცხადია, თანდათანობით ჯიბის ქურდისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც დაკარგა.

ერთხელაც, წარსულის გახსენების მიზნით, აგლაია ბაზარში გამვლელის ჯიბეში ჩაძვრა და ფაქტზე დაიჭირეს. მისი მსხვერპლი გამოცდილი სამართალდამცავი აღმოჩნდა, რომელიც ჯიბის ქურდებზე „სანადიროდ“ იყო გამოსული.

დემიდოვას, როგორც რეციდივისტს, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი ვადა ნებისმიერი ადამიანისთვის ტრაგედიაა, მაგრამ „კანონიერი ქურდისთვის“, ძირითადად, მხოლოდ გარემოს შეცვლაა. პატიმრობის ვადის შესამცირებლად, აგლაია ბანაკის ექიმის საყვარელი გახდა. ის აგლაიას ყალბი ცნობის დაწერას დაჰპირდა, რაც დამნაშავეს საავადმყოფოში გადაიყვანდა, შემდეგ კი, საერთოდ გაათავისუფლებდა.
გეგმა კარგი იყო და წარმატებითაც დასრულდებოდა, აგლაიას და ექიმის კავშირზე სხვა პატიმრებს რომ არ გაეგოთ. ვინაიდან ბანაკის ნებისმიერი თანამშრომელი ხელისუფლების წარმომადგენლად ითვლებოდა, დემიდოვას საქციელი სრულიად მიუღებელი იყო „ქურდული სამყაროსთვის“. ბანაკის ავტორიტეტების კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, დამრღვევისთვის „კანონიერი ქურდის“ წოდება ჩამოერთმიათ და შემდეგ „ქურდული წესით“ დაესაჯათ.
ფოტო პირობითა

აგლაიას მოშორება დაავალეს სხვა პატიმარს – ვარია კორმას, რომელიც დემიდოვას ხელნაკეთი იარაღით თავს დაესხა, მაგრამ აგლაია მზად იყო ასეთი თავდასხმისთვის და სათანადო წინააღმდეგობაც გაუწია. მათ გაშველებაში ჩაერთო ციხის ბადრაგი, რომელსაც რომელიღაც პატიმარმა ყელში ხელნაკეთი ცივი იარაღი გაუყარა და ადგილზე მოკლა. მკვლელობაში დემიდოვა დაადანაშაულეს და სოფელ ტაიოჟნიში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო უნდა ჩატარებულიყო.

ცხადია, ამ ღონისძიებისგან დემიდოვა არაფერ კარგს არ ელოდებოდა, მაგრამ არც დასაკარგი ჰქონდა რამე.
გზაში აგლაია თავის თანმხლებ პირთან ერთად გაუჩინარდა. რამდენიმე საათის შემდეგ თანმხლები გამოჭრილი ყელით იპოვეს ტყეში, ხოლო აგლაია გაიქცა. თუმცა, ქალმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პირდაპირ თავის საყვარელთან, სხვა კრიმინალურ ავტორიტეტთან წავიდა. აგლაიამ ქვეყნის ნახევარი გადალახა და საყვარელთან მივიდა, მაგრამ „ქურდული რადიო“ ხანდახან იმაზე სწრაფი იყო, ვიდრე ტელეგრაფი. კაცმა უკვე იცოდა, რომ მის შეყვარებულს „ქურდულ კრებაზე“ სიკვდილი მიუსაჯეს.
მამაკაცს ორი გამოსავალი ჰქონდა  – ან თავისი საყვარლის ბედი გაეზიარებინა და სამუდამოდ გარიყული გამხდარიყო, ან განაჩენი აღესრულებინა. ბედნიერი შეხვედრის, სუფრისა და საუბრების შემდეგ მან დემიდოვას ზურგში დანა გაუყარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები