12 დაღუპული და 4 ათასზე მეტი გათავისუფლებული – ჰაიტიზე კრიმინალებმა ციხე შტურმით აიღეს

ჰაიტიზე კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 4 ათასმა მსჯავრდებულმა გაქცევა შეძლო.

BBC-ის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ 72-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაჯგუფების ლიდერები ამბობენ, რომ სურთ ქვეყნის პრემიერმინისტრის, არიელ ანრის გადადგომა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. აღნიშნული ჯგუფები პორტ-ო-პრენსის 80%-ს აკონტროლებენ.

პორტ-ო-პრენსის ციხეში დაჯგუფების ისეთი წევრებიც იხდიდნენ სასჯელს, რომლებიც 2021 წელს პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზას მკვლელობაში არიან დადანაშაულებული. 2021 წლის შემდეგ, ქვეყანა ქაოსმა მოიცვა.

​უკანასკნელი ძალადობა 28 თებერვალს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერი ნაირობიში გაემგზავრა, ჰაიტიზე კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების გაგზავნის მიზნით.

საპასუხოდ, 2-3 მარტს კრიმინალებმა ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები