ირაკლი კობახიძე – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დამცველ ინიციატივაზე: სხვადასხვა სახელმწიფოში მძიმე ტენდენციებია და უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან

ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საქართველოში საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან, აბსოლუტურად გასაგებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად.

„მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება. არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. დანარჩენი ვნახოთ. კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. თუ იქნება საჭირო მთავრობის ჩართულობა, არ ვიცი, რა ფორმით, როგორ, მაგრამ შესაძლოა, ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება ეს კანონპროექტი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები