განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების განახლებას, ზოგ შემთხვევაში – სრულად შეცვლას გეგმავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს მომავალში სასკოლო სახელმძღვანელოების განახლებას, ზოგ შემთხვევაში კი, სრულად შეცვლას გეგმავს.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს არის მთელი ჯაჭვი, დაწყებული დოკუმენტით და დამთავრებული სახელმძღვანელოთი, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა მივიდეს მოსწავლემდე.
„ყველას ვთხოვ, ექსპერტებს, დაინტერესებულ მხარეებს. მათ შორის ოპონენტებს, ჩაერთონ და თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარონ ამ დოკუმენტზე. დაახლოებით თვე ნახევარში ვფიქრობთ, რომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყება, როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო განხილვები და დაახლოებით 2 თვეში ჩვენ უკვე დავამტკიცებთ ახალ დოკუმენტს. პარალელურად უკვე დაწყებულია პროცესი, მაგრამ როგორც კი დამტკიცდება ამ დოკუმენტის ბოლო ვერსია, მოხდება ყველა სასკოლო საგნის გადახედვა, გადააზრება და სასკოლო საგნის სტანდარტების პირდაპირ მორგება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, რასაც ასევე ერთი-ორი თვე დასჭირდება. ბოლო ფაზა, რაც ჩვენ გვინდა ძალიან ახლო მომავალში დავიწყოთ, ეს არის, ყველა სახელმძღვანელოს განახლება, რომელიც დღეს არის სისტემაში, ზოგ შემთხვევაში სრულად შეცვლა და ახლის შემოტანა მოხდება, ვინაიდან შესაძლოა, ვერ პასუხის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების იმ ეროვნულ პრინციპებსა და სხვ ღირებულებებს, რომელიც მასშია აღწერილი. რეალურად ეს არის მთელი ჯაჭვი, დაწყებული დოკუმენტით და დამთავრებული სახელმძღვანელოთი, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა მივიდეს მოსწავლემდე. ეს გათვლილია დაახლოებით 2 წლიან ჭრილში. გვინდა, ეს სრული ციკლი დავასრულოთ 2 წელიწადში, შესაძლოა, 3 წელიც დასჭირდეს ამას, რადგან ხვდებით ალბათ, რამხელა მოცულობის საქმეზე გვაქვს სამუშაო, ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელო არის გადასახედი, მოსარგები განსაახლებელი“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.