მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა ესეც მოახერხა – პატრიარქს თავს დაესხა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სიბინძურე უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა პატრიარქის მძიმე შეურაცხყოფა და მასზე თავდასხმაც იკადრა.

„რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს დღემდე არ უკადრებია – ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიასა და პატრიარქზე – დღეს ესეც მოახერხა. არ ვიცი, მას შეეცვალა საერთოდ აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს თუ ვიღაც ავალებს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა – პატრიარქს თავს დაესხა და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და მინიშნების კონტექსტში პროევროპულ და რუსულ განწყობებზე მარტისა საპატრიარქოში. სად დადგა ეს დღის წესრიგში?! რა პროევროპული მართვა?! მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე თუ ამ კომენტარს დავარქმევთ ამ ტერმინს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე განაცხადა: „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები