ირაკლი ზარქუა – რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერზე: ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი.
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი და რეალობაა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს, სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა, მაგრამ ფაქტია. შეგახსენებთ, პირველი რეზოლუცია მიიღეს, ყოფილ პრეზიდენტს წამლავენო, ჩაგვიწერეს სანქციები უნდა დავუწესოთო, შემდეგ სტრასბურგმა თქვა, რომ ამაზე არანაირი ფაქტი არ მეტყველებს. მეორე რეზოლუცია იყო მათი, რომ თურმე საქართველო რუსეთისთვის პროდუქციის და ტექნიკის მიწოდების ერთ-ერთ საშუალება არისო, რომ მან სანქციებს გვერდი აუაროსო. ევროპარლამენტარები: ფოტიგები, კუბილიუსები, რაისები და რასები, რამდენნი არიან, ვინ ჩამოთვლის, გახსოვთ, როგორ გვამუნათებდნენ. გამოვიდა თეთრი სახლის წარმომადგენელი და თქვა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენების თვალსაზრისით.
ეს რეზოლუციები სამარცხვინო ლაქად დარჩა ევროპარლამენტის ისტორიაში და ახლა გამოაცხვეს კიდევ ახალი. კიდევ კარგი, ქალბატონმა ფოტიგამ აღიარა (რომ მისი ინიციატივა იყო ჩანაწერის დამატება), ეტყობა ახალი ლობისტური (კამპანია) ამოქმედდა, ახალი ტრანში გადარიცხულია ეტყობა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავიგებთ ამერიკაში მოქმედი “რუსული კანონით”, რომელსაც “ფარა” ჰქვია, მივიღებთ ამით ინფორმაციას, რამდენი გადაირიცხა, რომ ფოტიგას ეს ინიციატივა გასულიყო ევროპარლამენტში,”- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები შევიდა. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.