მაკა ბოჭორიშვილი – ანა ფოტიგას ინიციატივაზე: ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, ზეწოლა მოახდინონ სალომე ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი შეიწყალოს
მმართველი გუნდის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოთხოვნით შეტანილი შესწორება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი შეიწყალოს.
„ეს არის ზოგადად იმ ლობისტური კამპანიის ნაწილი, რაც მიმდინარეობს უკვე წლებია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, თუ დახსნის მოთხოვნით. ის ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააზიანოს საქართველოს ინტერესები და მოახდინოს ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე, რომ მან გამოიყენოს უფლება, რომელიც შედეგად მოიტანს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.