რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ანა ფოტიგა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა სააკაშვილის საკითხს აყენებს
“ფაქტია, რომ ანა ფოტიგა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა სააკაშვილის საკითხს აყენებს, რაც არის დაუშვებელი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, აღნიშნული აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის სააკაშვილის ოჯახისგან, ლობისტებისგან ფინანსდება.
„ფაქტია, რომ ანა ფოტიგა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა სააკაშვილის საკითხს აყენებს, რაც არის დაუშვებელი და აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის სააკაშვილის ოჯახისგან, ლობისტებისგან ფინანსდება და ეს ინტერესი გააჩნია.
საზოგადოებამ იცის, რომ ივნისში არის ევროპარლამენტის არჩევნები. მე გამოვთქვამ იმედს, რომ ასეთი ადამიანები, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საკუთარ მანდატს და მტრობენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, მომდევნო პარლამენტში ადგილს ვეღარ იპოვიან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები შევიდა. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.