ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ევროკავშირის ქვეყნებში ნაკლები მოქალაქე მიდის.
„მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ საქართველო აღიარებულია როგორც უსაფრთხო ქვეყნად და შესაბამისად მინიმალურია იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიღებულები იყვნენ, როგორც თავშესაფრის მაძიებლებად, რადგან მათ ამის დასაბუთება ძალიან უჭირთ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან 12 პროცენტით შემცირდა.