გია მურღულია: ნარკოტიკი საქართველოს ერთ-ერთი პირველი მტერია – ის ჯერ ღირსებას კლავს და შემდეგ ადამიანს

“ნარკოტიკი არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი მტერი – ის კლავს სიცოცხლის მოტივაციას, წარმატების წყურვილს, რაციონალურ აზრს, განვითარების ენერგიას, ერთობის სურვილს”,- ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნარკოტიკი ჯერ ღირსებას კლავს და შემდეგ ადამიანს.

“ქართველი საზოგადოება ვალდებულია, ამ საშინელი სენის (რომელსაც მავანი “კეთილისმყოფელები” ჩვენს დასასუსტებლად შესაძლოა იარაღადაც კი იყენებენ) წინააღმდეგ გამოვიდეს და საკადრისად მკაცრი პასუხი გასცეს ყველას, ვინც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული მის გავრცელებასთან.

თუ მართალია, რომ ასეულობით ე.წ. “ბარიგა” უკვე დაჭერილია და ეს პროცესი კვლავ გრძელდება, წარმოიდგინეთ, რამდენად მასშტაბური გამხდარა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას საგანგაშოდ აზიანებს და ფიზიკურ თუ მორალურ სიკვდილს თესავს.

ნარკოტიკს უნდა ვუწოდოთ ის, რასაც იმსახურებს – მტერი!

ჩვენი საზოგადოების დაუძინებელი მტერია ისიც, ვინც მას ავრცელებს.

ყველა მიზანი მიუღწეველი დაურჩება საქართველოს, თუ ამ სასტიკ და ვერაგ მოწინააღმდეგეს ვერ მოერია.

სახელმწიფოც, საზოგადოებაც და ოჯახიც უნდა გაერთიანდნენ ამ დამღუპველი სენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თუ ჩვენ საზოგადოება ვართ, ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ.

ნარკოტიკი ჯერ ღირსებას კლავს და შემდეგ ადამიანს”,- წერს მურღულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები