ISW: პუტინმა ნატოსთან ომისთვის მზადება დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის მზადება დაიწყო.

ომის შესწავლის ამერიკის ინსტიტუტში (ISW) მიაჩნიათ, რომ ამას მოწმობს რუსეთის ლიდერის 26 თებერვლის ორი ბრძანებულება, რომლითაც ოფიციალურად აღადგინეს მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქები.

ანალიტიკოსების აზრით, ადრე, დასავლეთის სამხედრო ოლქი ფარავდა რუსეთის საზღვარს უკრაინასთან, ბელარუსსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. მისი სტრატეგიული ამოცანები მოიცავდა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციების მონიტორინგს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასევე, ნატოსთან შესაძლო დაპირისპირებისთვის მომზადებას.

ISW განმარტავს, რომ ამიერიდან ლენინგრადის სამხედრო ოლქის საზღვარი ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ იქნება, ხოლო მოსკოვის სამხედრო ოლქის საზღვარი – უკრაინის და პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის გასწვრივ.

აღნიშნული მოსკოვს საშუალებას მისცემს, ერთდროულად „დაიკავოს პოზიცია“ ნატოს წინააღმდეგ და გაამარტივოს უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მართვა და კონტროლი.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პუტინი ლენინგრადის სამხედრო ოლქის ჩამოყალიბების საჭიროებაზე 2023 წელს საუბრობდა ალიანსში ფინეთის შესვლის შემდეგ. და ანალიტიკოსების აზრით, კრემლმა განიზრახა ლენინგრადის სამხედრო ოლქის გამოყენება ნატოსთან დაპირისპირებისთვის.

„მოსკოვის და ლენინგრადის სამხედრო ოლქების ჩამოყალიბება შეესაბამება უკრაინაში რუსეთის ოპერაციებზე კონტროლის კონსოლიდაციის პარალელურ მიზნებს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში და გრძელვადიან პერსპექტივაში – ნატოს წინააღმდეგ პოტენციური ფართომასშტაბიანი კონვენციური ომის მომზადებისთვის“, – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები