შეხვედრა ციკლიდან „მწერლები მწერალთა სახლში“
შეხვედრები ციკლიდან – „მწერლები მწერალთა სახლში“ გრძელდება. 13 თებერვალს, 19 საათზე, გაიმართება გივი მარგველაშვილთან შეხვედრა, რომელსაც მთარგმნელი ალექსანდრე კარტოზია გაუძღვება. 1997 წელს გივი მარგველაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს. 2006 წელს მას გერმანიის გოეთეს მედალი მიენიჭა. გივი მარგველაშვილი 2011 წლიდან საცხოვრებლად გერმანიიდან თბილისში გადმოვიდა. 2013 წელს გოეთეს ინსტიტუტისა და „DVV ინტერნატიონალის“ საქართველოს ოფისის ინიციატივით დაწესდა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, რომელიც ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად გადაეცემა ქართული კულტურის მოღვაწეებს.
„1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები: „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად აღიარეს თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით – ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.