მამუკა მიქელაძე – მხატვარი, რომელიც დღევანდელობას და მომავალს თანაბრად ეკუთვნის

დღეს 65 წელი შეუსრულდა ქართული ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენელს – მამუკა მიქელაძეს. მის მიერ შექმნილი არტეფაქტები აგერ უკვე ოთხი ათეული წელიწადია, რაც უმშვენიერეს და საამაყო საგანძურად ემატება ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.
მამუკა მიქელაძე უაღრესად შთამბეჭდავი ბიოგრაფიის მხატვარია, რომელსაც ოცამდე პერსონალური გამოფენა აქვს გამართული საქართველოში და საზღვარგარეთ. ორმოცზე მეტ ჯგუფურ ექსპოზიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. იგი წლებია აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, როგორც თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. მართლაც, ბედნიერია მხატვრობის მსურველი ის ახალგაზრდობა, ვისაც მოძღვრად ასეთი მდიდარი ბიოგრაფიის ხელოვანი ჰყავს.
მამუკა მიქელაძე არის დაუშრეტელი ენერგიისა და ამოუწურავი სურვილების მხატვარი, რომელსაც არცერთი დღე ფუჭად არ გაუფლანგავს, ასეთი უხვი შემოქმედებითი მოსავალი სწორედ ამ მოუღლელი შრომის შედეგია.
თანამედროვე ფერწერის, წიგნის გრაფიკის, ნუმიზმატიკისთვის განხორციელებული ესკიზებისა და საეკლესიო ხატწერის დარგში მან იმდენ და ისეთი ხარისხის აღმასვლას მიაღწია, რომელიც გაუძლებს დროს. ნიჭთან ერთად იგი განგებამ პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობითაც დააჯილდოვა. ეს აშკარად ატყვია მის ნებისმიერ ნამუშევარს. იგი წლების შემდეგ რა იქნება, იმაზე უფრო აკეთებს გათვლას. მუდამ წინ იყურება, შთამომავლობა წარმოუდგენია თავისი საქმიანობის ყველაზე სანდო შემფასებლად და უნდა რომ მათ წინაშეც პირნათელი ჩანდეს.
გემოვნება და დახვეწილობა, ფერისა და ფორმის მშვენიერება მამუკა მიქელაძის თანამდევი ფასეულობებია, რომელიც მის მხილველს მუდამ დასამახსოვრებელ, ზეიმის სადარ განწყობილებას უქმნის.
მამუკა მიქელაძე არის ღრმად ეროვნული მსოფლშეგრძნების ხელოვანი, ჩვენი ძველი კედლის მხატვრობისა და ხატწერის, მამუკა თავაქარაშვილის, ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის ღრმად მცოდნე და გულით გამზიარებელი. მართალია, იგი, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ფესვებიდან იკვებება, მაგრამ კარგად იცნობს თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო მიღწევებსაც. ამიტომ არის, რომ მის ფერწერაში მუდამ იგრძნობა სიახლის წყურვილი და გამომსახველობის განსხვავებული ფორმების მოსინჯვაც, რაც ძალზე ბუნებრივად ერწყმის მის მაძიებელ, ნოვაციისთვის მუდამ გახსნილ ნატურას.
ნახეთ მისი „იესოს კვართი“, „ადამი და ევა“, „ლომი“, „ვეფხვი თავისი ბოკვრით“, ასევე – აბსტრაქტული ტილოები და უმალ ირწმუნებთ მისი აზროვნების სიღრმესა და უსაზღვრო ფერწერულ შესაძლებლობებს.
წლეულს, ზაფხულში, თბილისში უკვე დაგეგმილია მამუკა მიქელაძის ვრცელი პერსონალური გამოფენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მხატვრის დიდ გამარჯვებად გადაიქცევა.
მამუკა მიქელაძე დაზგურ ფერწერასთან ერთად უძლიერესი და მნიშვნელოვანი ფრესკისტი გახლავთ, ვინც ქართული საეკლესიო მხატვრობა ბევრი თვალსაჩინო ნიმუშით გაამდიდრა. მან თავიდან ბოლომდე ათი ეკლესია მოხატა საქართველოში, ასევე შექმნს ჩვენი წმინდანების ათობით ხატი.
ჩემს სტატიას თან ერთვის ორი მათგანის: თამარ მარჯანიშვილისა და ბერი გაბრიელის ხატი. თუნდაც მათი ხილვა ხდის სარწმუნოდ თუ რა საკრალური ძალისაა ეს იკონოგრფიები, რა მადლისა და სასოების მფენია მათი სახისმეტყველება?!
ბოლო წლების ქართული ხელოვნების ამამაღლებელ მოვლენას წარმოადგენს ბოდბის დედათა მონასტრის ახალი ტაძარი (არქიტექტორი თემურ ბერიძე).
მამუკა მიქელაძეს ერგო წილად ღვთიური პატივი, მისი ესკიზებით მოიხატოს მთელი ტაძარი. ბოლოს გადაწყდა, რომ ფრესკების უდიდესი ნაწილი შესრულდება მოზაიკის ტექნიკით და მათ პირველწყაროდ დაედება მამუკა მიქელაძის შექმნილი მონუმენტური სცენები. ჯერ ისევ მიმდინარეობს კედლების მოზაიკით შემკობის სამუშაოები, როცა ის დასრულდება მთელი საქართველო (და ამ ტაძარში წვეული უცხოელი სტუმარიც) ცხადად ირწმუნებს თუ რა მასშტაბისა და მონუმენტური ხილვის შემოქმედია მამუკა მიქელაძე. იგი თავისი ცხოვრების წესით და ადამიანების მიმართ გამოხატული სიყვარულით ყველაზე მოწყალე ქრისტიანია, ვისაც ვიცნობ და უეჭველად ამანაც მისცა მის გულსა და მარჯვენას ძალა ამ ღვთიური საქმის დასაგვირგვინებლად!
გავა წლები, მიმოიქცევიან თაობები და ასწლეულებიც, ბოდბის დედათა მონასტერი კი დარჩება ქართული გენის მადიდებელ ძეგლად. მისი ამგებლისა და მხატვრის სახელებიც ასევე გაუკვდავდება.
ვულოცავ ჩვენს ძვირფას მეგობარს, საქართველოს სიყვარულში დაუღლელ და საამაყო ხელოვანს მამუკა მიქელაძე 65 წლის იუბილეს, მზეგრძელობას და სანუკვარი სამშობლოს გაბრწყინებას ვუსურვებ.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები