გივი მიქანაძე: ლუდომანიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯები შემეცნებითი კუთხით – ასევე, მნიშვნელოვანია, სარეაბილიტაციო პროგრამები ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს
“ლუდომანიის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია.დამატებითი ნაბიჯების გადადგმა შემეცნებითი კუთხით განსაკუთრებით ეს სკოლის პედაგოგებთან არის დაკავშირებული. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სარეაბილიტაციო პროგრამები ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მომზადებულია ანგარიში, მოკვლევის შედეგად კი გამოვლინდა, რომ სამთავრობო დონეზე მეტი კოორდინაციაა საჭირო.
“ამ ანგარიშმა, რომელიც 6 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო UNICEF-ის ექსპერტი, საკმაოდ სიღრმისეულად მოგვცა წარმოდგენა 2021 წლის ბოლოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიღწეულ შედეგებსა და ეფექტიანობაზე. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საჭირო არის მეტი კოორდინაცია სამთავრობო დონეზე. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რომელიც მაკოორდინირებელი ფუნქციით იქნება აღჭურვილი და რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ უწყებებს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც, რა თქმა უნდა, მეტ ეფექტიანობასთან იქნება დაკავშირებული.
ასევე, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დამატებითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა შემეცნებითი კუთხით, განსაკუთრებით ეს სკოლის პედაგოგებთან არის დაკავშირებული, რომელთან ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდასთან უწევთ მუშაობა და შესაბამისად მათი ცნობიერების ამაღლება ლუდომანიის პრევენციის კომპონენტთან დაკავშირებით იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ამასთანავე, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რომლებიც დღეისათვის ძირითადად თბილისში და თბილისის შემოგარენში ხორციელდება. ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს შეეძლოთ ამ სერვისით სარგებლობა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სარეაბილიტაციო პროგრამები ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ჩვენი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იქნება სარეაბილიტაციო პროგრამის გაზრდა და საჭიროების შემთხვევაში ახალგაზრდების ამ პროგრამებში ჩართვა”, – განაცხადა მიქანაძემ.