ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრებმა უცხოელ კოლეგებთან წარმატებით ჩაიარა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს ტოკიოს კინოფესტივალის პროგრამის შემდგენელთან, ოუ შიმიზუსთან, რომელზედაც ეროვნული კინოცენტრის გუნდმა განიხილა მიმდინარე ქართული პროექტები და ქართული ფილმები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა „უნიფრანსის” აღმასრულებელ დირექტორთან – დანიელა ელსნერთან, რომელზეც მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ისაუბრეს კინოცენტრთან ურთიერთობის მომავალზე და დასახეს ქართული კინოს პოპულარიზაციისთვის თავიანთი მონაწილეობის პერსპექტივები.
მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დოკუმენტური კინოფესტივალის (IDFA) პროგრამის შემდგენელთან – სარა დოუსონსთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე დოკუმენტური ფილმის პროექტები და ფილმები.
„ბერლინალეზე” ქართული დელეგაცია შეხვდა თესალონიკის კინოფესტივალის ხელმძღვანელთან – იორგოს კრასაკოპულოსთან, რომელთანაც ეროვნული კინოცენტრის გუნდმა განიხილა მიმდინარე ქართული პროექტები და ფილმები.
ქართული დელეგაცია ფესტივალის მიმდინარეობისას არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას მართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
იგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას საქართველო წარმოჩნდება, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სტენდზე ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში” – წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ქ. ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის” მხარდაჭერით, ტრადიციულად, წარმოდგენილია საქართველოს სტენდით, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობის და გეგმების დასახვის, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შესაძლებლობა აქვს საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
ცნობილია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოქმედებს „ევროპული კინოს ხელშეწყობის” (EFP – European Film Promotion) ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამა „European Shooting Stars”-ი.
კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილი მსახიობი სალომე დემურია, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი” შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს” შორის დასახელდა. მას ჯილდო 19 თებერვალს გადაეცა. კინოფესტივალის მსვლელობისას მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, კინოსფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა.
საგულისხმოა, რომ „EFP”-ი საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ქართულ და ევროპულ კინოს ათწლეულების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისათვის და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ „ბერლინალეზე” საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები