“ჩვენ არ გვაქვს ანტაგონიზმი ქართველი ხალხის მიმართ, გვინდა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ “აფხაზეთი-საქართველოს საზღვარზე” ვითარება მშვიდია, რადგან უსაფრთხოების გარანტორი რუსეთია, რომელმაც 2008 წელს ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა”.

ამის შესახებ მან “ტასს”-თან ვრცელ ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, როგორ აფასებს “საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის შესაძლებლობას საქართველოში განვითარებული პოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით”, ბჟანია ამბობს, რომ უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყების შემდეგ “საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოავლინა”.

“ისინი არ აღმოჩნდნენ ჩათრეული იმ პროვოკაციაში, რომელსაც უკრაინა ახვევდა თავს. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერების არაერთმა მოწოდებამ, მათი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. ასე მეჩვენება. მომავალში თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, ამით შეიძლება არასასურველი ინციდენტების არიდება.

ჩვენი მომავალი გადაწყვეტილი გვაქვს. საქართველოს ხელმძღვანელობას მოუწევს არსებული რეალობის აღიარება. არ მგონია, რაიმე ახალს ვიტყოდე, მაგრამ ომის შემდეგ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ომამდე იყო. ომი რადიკალურად ცვლის ყველაფერს. 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებამდე, იმ პერიოდის ქართველ ლიდერებს უნდა გაეგოთ, თუ რა შეიძლება, მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ზოგადად, ჩვენ გვინდა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ანტაგონიზმი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ გვქონდა პრეტენზია მათთან, ვინც დაიწყო ეს ომი და მათ მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ომში. ამან რადიკალურად შეცვალა ყველაფერი.

დღეს არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, რომლის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს რუსეთის ხელმძღვანელობა და ხალხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი განვითარების გზა და მივყვებით მას. ამავე დროს, ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით. ეს ერთი ამბავია. მეორე ამბავი არის ის, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად რთულია ეს ყველაფერი.

ჩვენ შეგვიძლია, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი არ იყო მზად ასობით წლის განმავლობაში არსებული რეალობის მისაღებად. მაგალითად, ფრენებს, რომლებიც ხორციელდება სალონიკის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით. წერენ, რომ სალონიკი – კონსტანტინოპოლია. იყო ასეთი ფაქტი, კონსტანტინოპოლი იყო ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი, თუმცა, ახლა ასე არ არის. ასე იყო, მაგრამ სულ სხვაგვარად გახდა. როდესაც საქართველოს ლიდერები ამას გაიაზრებენ, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესები სხვა დინამიკას მიიღებენ”, – ამბობს ბჟანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები