ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა. ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პარლამენტის შიგნით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი საკადრო ცვლილება იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე ჩვენ რამდენიმე ცვლილება მივიღეთ. ასევე ვაკანტურია ვიცე-სპიკერის პოზიცია ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ. ამ პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს ასარჩევად ნინო წილოსანის კანდიდატურას.
ასევე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას.
ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ დაჩი ბერაიას კანდიდატურას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.