„ბერლინალეს” მიმდინარეობისას ქართული დელეგაციის წევრები ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამერს შეხვდნენ

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად, შეხვდნენ ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამერ სტეფან ივანჩიჩს. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნული კინოცენტრის გუნდმა მას გააცნო უახლესი ქართული ფილმები, რომლებიც შესაძლებელია მოხვდეს ლოკარნოს კინოფესტივალზე.
“ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ქ. ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მიმდინარეობისას, 15-21 თებერვალს, ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის” მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარსადგენად და წარმოსაჩენად დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებითა თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპელი საზოგადოება და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები