გიორგი ცუცქირიძე: ნავალნის ციხეში სიკვდილი და მისი საერთაშორისო რეზონანსის გამოძახილი, ვფიქრობ გლობალურ პოლიტიკაში ბევრ რამეს შეცვლის
“ცნობილი რუსი ბლოგერის და პუტინის რეჟიმის მთავარი ოპოზიციონერის ნავალნის ციხეში სიკვდილი და მისი საერთაშორისო რეზონანსის გამოძახილი, ვფიქრობ გლობალურ პოლიტიკაში ბევრ რამეს შეცვლის და გარკვეული სამომავლო დასკვნებისთვისაც გამოდგება”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“საერთაშორისო პრესამ და პრაქტიკულად ყველა წამყვანმა დასავლეთის ლიდერმა მის სიკვდილში ცალსახად პუტინი დაადანაშაულა. თუ გავიხსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სერიოზული საერთაშორისო სკანდალი მოყვა ასევე ცნობილი რუსი ოპოზიციონერის და ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის გარი კასპაროვის სკანდალურ ინტერვიუს გორდონთან, სადაც მან აშშ დაადანაშაულა კრემლთან ფარულ მოლაპარაკებებში უკრაინის საკითხზე და პოლიტიკურ იმპოტენციადაც კი შეაფასა.
მართალია, მალევე ამერიკულმა და რუსულმა მხარეებმა უარყვეს ეს ინფორმაცია, Reuters-ის წყაროების ცნობით, რომ კრემლი სთავაზობდა ამერიკას, საბრძოლო მოქმედებები დღეს არსებული დაპირისპირების ხაზზე გაჩერებულიყო და რუსეთი მის მიერ უკრაინის ოკუპირებული არცერთი ტერიტორიის დათმობას არ აპირებდა. თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს N ew York Times წერდა, რომ ვლადიმერ პუტინი სხვადასხვა არხებით საბრძოლო მოქმედებების გაყინვის მზადყოფნის შესახებ ამერიკელებს სიგნალებს აწვდიდა, თუმცა ვაშინგტონმა ეს შეთავაზება უარყო.
თუ აქამდე ამ თემაზე გარკვეული სპეკულაციები მოლაპარაკებების დაწყების ნიადაგის მოსასინჯად გარკვეულწილად დასაშვები იყო, ნავალნის სიკვდილმა ეს საკითხი, ვფიქრობ, დახურა ყოველ შემთხვევაში პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მაინც.
ამასთან, დახურულად შეიძლება ჩაითვალოს დასავლური კომპანიების ნაწილის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსულ ბაზარზე, საოპერაციო სივრცის გაფართოებაც, რაზეც ბოლო პერიოდში პერიოდულად იყო საუბარი.
მოგეხსენებათ ეკონომიკურ ფრონტზე, საერთაშორისო სანქციებმა აიძულა თითქმის 10000 დასავლური კომპანია დაეტოვებინათ რუსეთი, თუმცა თითქმის 3000 უცხოურ ფირმას ჯერ კიდევ აქვს რაიმე სახის ოპერაციები ან ჯერ არ გასულა ბაზრიდან.
შექმნილ სიტუაციაში ომის დასრულების სავარაუდო თარიღი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, ყოველ შემთხვევაში იგი გადაიწევს მინიმუმ 2028 წლამდე ანუ მომავალ საარჩევნო ციკლამდე თუ მანამდე რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა თავად რუსეთში.
აშშ -ში დიდი ალბათობით შედგება ორპარტიული კონსენსუსი და სენატის შემდეგ უკვე კონგრესიც დაამტკიცებს უკრაინის დახმარების ახალ, 60 მილიარდიან პაკეტს, რაც აქამდე პრობლემურად მოჩანდა.
შემთხვევითი არ არის ნატოს გენერალური მდივნის ბოლო განცხადებებიც, რომ ნატო უნდა ემზადოს რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებისათვის, რაც გარდა სამხედრო ხარჯების ზრდისა, დასავლური საზოგადოებების შემზადებასაც ემსახურება. გვახსოვს, თუ როგორი წინააღმდეგობრივი რეაქცია ჰქონდა საერთაშორისო სანქციებზე რუსული ნავთობის და გაზის ევროპაში ექსპორტის შეზღუდვასაც, რასაც ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა მოყვა, მაგრამ დასავლეთმა ეს რაუნდი შედარებით უპრობლემოდ გადაატარა, ვგულისხმობ რუსული პროდუქციის ნორვეგიული გაზით და ამერიკული ნედლი ნავთობით ჩანაცვლებას.
რაც შეეხება რუსეთს, თუ თავიდან საერთაშორისო სანქციების დაწესებისას, 2022 წლის მარტში რუსული რუბლი ჩასმოიშალა, გაზპრომისა და სბერბანკის ფასიანი ქაღალდების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე 97%-ით დაეცა და მოსკოვის ბანკომატებთან რიგები დაიწყო. რუსეთი სერიოზულ რეცესიაში ჩავარდა.
ამ ღონისძიებების საფუძველი კი იყო რუსეთის სახელმწიფოს სავალუტო რეზერვების ჩამორთმევა და, კერძოდ, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების უპრეცედენტო გაყინვა 300 მილიარდი დოლარის ოდენობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გასულ კვირას რუსეთის ეკონომიკის წლევანდელი ზრდის პროგნოზი გაზარდა 1.1%-დან 2.6%-მდე ანუ რუსეთის ეკონომიკა გასულ წელს G7-ის ქვეყნების ეკონომიკაზე სწრაფად გაიზარდა და წელს უფრო სწრაფად გაიზრდება.
ამავდროულად, რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ენერგომატარებლების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები კვლავ შემოედინება სახელმწიფო ხაზინაში ძირითადად ინდოეთსა და ჩინეთში გაზრდილი გაყიდვებიდან და არა მხოლოდ. თვალსაჩინოებისათვის, ნავთობის მოპოვება რჩება 9,5 მილიონ ბარელზე დღეში, რაც მხოლოდ ოდნავ ჩამორჩება ომამდელ დონეს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა იპოვა სანქციების გვერდის ავლის გზა.
რუსეთმა გადააწყო ეკონომიკა ომის ეკონომიკაზე. განსაკუთრებით, უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში თავდაცვითი ხაზების აშენების კუთხით, რამაც გაანეიტრალა უკრაინის კონტრშეტევა და ფრონტზე სტაგნაცია გამოიწვია.
ფაქტიურად ჩავარდა დასავლეთის მოკლევადიანი და კატა-თაგვობანას თამაშზე აგებული სტრატეგია, რაც ხარჯების ზრდით, რუსეთის შემოსავლების შემცირებაზე იყო გათვლილი და ამით კონფლიქტის გადაყვანაზე ეკონომიკის გამოფიტვის და რეცესიულ სცენარზე.
თუმცა, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, თუნდაც 2028 წლის პერიოდზე, რამდენად ეფექტური იქნება რუსეთის კონტრზომები, და რამდენად მდგრადი იქნება ნავთობზე და გაზზე დამოკიდებული ეკონომიკა, ძნელი სათქმელია. რუსეთი ქმნის პროდუქტს, რომელიც საბოლოოდ ომში ნადგურდება. ამასთან, ჯარისა და სპეცსამსახურების ხარჯები რუსეთის ბიუჯეტის 40%-მდეა. სოციალური ხარჯები შემცირდა უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ტანკების, სარაკეტო სისტემების წარმოებისთვის და ამ სიმაგრეების მშენებლობისთვის სახსრების გამოსათავისუფლებლად.
როდესაც ვიხრები ამ ომის გრძელვადიანი სცენარისაკენ, აქ ეკონომიკურ ფაქტორსაც ვიღებ მხედველობაში. ვფიქრობ, დასავლეთის გათვლაც ახლა ამაზეა.
თავის მხრივ, გეოპოლიტიკური რისკების ზრდა, რასაც ემატება ისრაელ-პალესტინის საომარი მოქმედებების ახალი ცხელი კერა, პირდაპირ აისახება გლობალურ ბაზრებზე, რასაც ჩვენზეც ექნება ზეგავლენა, როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში. პირველ რიგში ინფლაციის იმპორტის თვალსაზრისით, რაც ღია ეკონომიკის დაუწერელი კანონია.
ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს თუ რა შანსები გვაქვს ჩვენ, გლობალური რისკების შესამცირებლად. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამ გლობალური გამოწვევებისა, ჩვენ გვაქვს კარგი შანსი პოლიტიკური სტაბილიზაციის შენარჩუნებით და ლოჯისტიკური მიმართულების გაზრდით, უახლოეს წლებში გვქონდეს რეგიონში და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რასაც სავალუტო ფონდის 2024-2027 წლების პროგნოზიც ადასტურებს”,- წერს ცუცქირიძე.