პესკოვი: ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასავლეთის განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია
კრემლი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასავლეთის განცხადებებს აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ოპოზიციონერის გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არის. და არის ასეთი განცხადებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ასე ვეკიდებით ამ განცხადებებს“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.
ნავალნის გარდაცვალების ვერსიას არ იზიარებენ დასავლელი ლიდერები, რომელთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია.
თავის მხრივ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.