სასამართლომ Wall Street Journal-ის წინააღმდეგ ტრამპის სარჩელი უარყო

ფლორიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დარინ გეილსმა, უარყო დონალდ ტრამპის მიერ The Wall Street Journal-ისა და მისი გამომცემლის, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, სადაც ტრამპი ცილისწამებისთვის 10 მილიარდ დოლარს ითხოვდა.

სარჩელი საფუძვლად დაედო სტატიას, რომელშიც აღწერილი იყო ტრამპის მიერ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინისთვის გაგზავნილი საფოსტო ბარათი. მოსამართლის დადგენილებით, ტრამპმა ვერ დაამტკიცა, რომ პუბლიკაცია ცილისმწამებლური იყო.

სასამართლომ განაცხადა, რომ ცილისწამების დასამტკიცებლად ტრამპს უნდა ეჩვენებინა „რეალური ბოროტება“ – ანუ ის, რომ ჟურნალისტებმა შეგნებულად გამოაქვეყნეს ცრუ ინფორმაცია ან მოქმედებდნენ „სიმართლის უხეში უგულებელყოფით“ – თუმცა ეს არ დადასტურდა.

მოსამართლემ ტრამპს შესწორებული სარჩელის შეტანის ნებართვა მისცა და ამისთვის ვადა 27 აპრილამდე გამოუყო. ტრამპის იურიდიული გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი „ხელახლა შეიტანს ამ ძლიერ სარჩელს“.

თავად ტრამპმაც დაწერა, რომ The Wall Street Journal-ისა და სხვა მოპასუხეების წინააღმდეგ „ძლიერი საქმე“ ხელახლა უნდა შეტანილიყო და პირობა დადო, რომ ამას 27 აპრილამდე გააკეთებდა.

ცნობისთვის, ტრამპმა სარჩელი The Wall Street Journal-ის წინააღმდეგ 2025 წლის ზაფხულში შეიტანა, მას შემდეგ, რაც გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2003 წელს ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს დაბადების დღის ბარათი გაუგზავნა შიშველი ქალის „უხამსი“ ნახატით და მისი ხელმოწერით. ტრამპმა უარყო რაიმე კავშირი წერილსა და ნახატთან. მან სტატიას „ყალბი“ უწოდა, WSJ-ს „უსარგებლო“ და „სამარცხვინო“ გაზეთი, ხოლო მომავალ სასამართლო პროცესს „ისტორიული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები