ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნები ყოფილმა პრემიერმა, ალექსანდრე სტუბმა მოიგო

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 51,7% ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ – ყოფილმა შს მინისტრმა, ​პეკა ჰაავისტომ​​ 48,3% -იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

“რა გაეწყობა, ალექსანდრე. ვულოცავ ფინეთის მე-13 პრეზიდენტს“, – განაცხადა ჰაავისტომ პირდაპირ ეთერში.

სტუბი მოვალეობების შესრულებას 1-ელ მარტს შეუდგება.

55 წლის კაი-იორან ალექსანდრე სტუბი ფინეთის პრემიერმინისტრი 2014–2015 წლებში იყო, როდესაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ კოალიციას – ლიბერალურ-კონსერვატიულ პარტიას, რომელიც სამთავრობო კოალიციაში ჯერ კიდევ არის მთავარი პარტია.

სტუბი ფინეთის ნატოში შესვლას მხარს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე დიდი ხნით ადრეც უჭერდა. გარდა ამისა, ის არის ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერი.

სტუბი იმიგრაციის მკაცრი შეზღუდვების მოწინააღმდეგეა: მას მიაჩნია, რომ ემიგრანტების შემოდინება სასარგებლო გავლენას ახდენს საზოგადოებასა და ეკონომიკაზე.

პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, სტუბი იყო ფინანსთა მინისტრი, ხოლო პრემიერმინისტრად დანიშვნამდე – საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრების თანამდებობებს იკავებდა, ასევე, იყო ევროპარლამენტისა და ფინეთის პარლამენტის წევრი.

პრემიერმინისტრთან შედარებით, ფინეთის პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს. ის მთავრობასთან ერთად განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და არის ფინეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები