რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ჭრილში მოლაპარაკებების არარსებობაზე ამბობს, რომ ეს უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალია, რომელმაც გამოსცა დეკრეტი რუსეთთან დიალოგის აკრძალვის შესახებ.
ამის შესახებ პუტინმა FoxNews-ის ყოფილი ჟურნალისტისთვის – კარლსონ ტაკერისთვის კრემლში მიცემულ ინტერვიუში თქვა.
პუტინმა დაუსწრებლად ურჩია ზელენსკის, გააუქმოს ეს განკარგულება – „და მორჩა“.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. ჩვენ მუდმივად გვესმის: მზად არის თუ არა რუსეთი? დიახ, ჩვენ უარი არ გვითქვამს! თვითონ თქვეს უარი საჯაროდ. დაე, გააუქმოს თავისი განკარგულება და მოლაპარაკება დაიწყოს. უარი არასდროს გვითქვამს”, – თქვა პუტინმა.
ამის შემდეგ კრემლის ლიდერმა ამერიკელებს მიმართა.
„სჭირდება თუ არა შეერთებულ შტატებს ეს კონფლიქტი? რისთვის? ეს არის ათასობით მილი თქვენი ეროვნული ტერიტორიიდან. თქვენ ხომ სხვა პრობლემები გაქვთ: პრობლემები საზღვარზე, პრობლემები მიგრაციასთან, პრობლემები ეროვნულ ვალთან დაკავშირებით – 33 ტრილიონ დოლარზე მეტია. სხვა საქმე არ გაქვთ? არ ჯობს რუსეთთან შეთანხმება? შეთანხმება იმ ვითარების გააზრებით, რომელიც დღეს არის, იმის გააზრებით, რომ რუსეთი თავისი ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და დაუბრუნდეთ საღ აზრს, დაიწყოთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ინტერესების პატივისცემა და გადაჭრის გზების ძიება. მე ვფიქრობ, რომ ეს ბევრად უფრო ჭკვიანური და რაციონალურია,” – განაცხადა პუტინმა.