აშშ-ის სენატმა უკრაინის და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა

აშშ-ის სენატმა კანონპროექტი, რომელიც უკრაინასა და ისრაელს ახალ დახმარებას გაუწევდა, ასევე, ქვეყნის საიმიგრაციო კანონებს გაამკაცრებდა – დაბლოკა. კენჭისყრაზე გატანილმა დოკუმენტმა საჭირო 60 ხმა ვერ მიიღო.

კანონს მხარი რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა იმ მოტივით არ დაუჭირეს, რომ ის, თითქოს, მექსიკასთან საზღვრის გასაძლიერებლად საკმარის ზომებს არ ითვალისწინებს.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში სენატში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება, რომლის დროსაც გადაწყდება უკრაინისა და ისრაელისთვის გადაუდებელი დახმარების პაკეტის საკითხი, საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმების გათვალისწინების გარეშე.

პაკეტი 96 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების დაფინანსებას მოიცავს.

ამავდროულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სენატი ასეთ დოკუმენტს დაუჭერს მხარს, მისი დამტკიცება წარმომადგენელთა პალატაში იქნება საჭირო, რომლის უმრავლესობაც რესპუბლიკურ პარტიას აქვს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სენატში ორი დღის წინ შეთანხმებული კანონპროექტი ორივე პარტიის წარმომადგენლების მიერ იყო მხარდაჭერილი, რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი დოკუმენტის წინააღმდეგ მას შემდეგ წავიდა, რაც ის დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები