ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგისა და ვებგვერდის წარდგენა გაიმართება

12 თებერვალს, 17:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში კატალოგიზაციის პროექტის და ვებგვერდის წარდგენა გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა არქივში დაცული ფოლკლორული თემატიკის დოკუმენტების კატალოგიზაცია განხორციელდა.
„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ არქივში სრულად აღიწერა კინოფოტოფონოდოკუმენტების, უახლესი და საისტორიო არქივების კუთვნილი ფოლკლორული დოკუმენტები; ასევე დამუშავდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ნიკო რძენიშვილის კვლევით ინსტიტუტში, ბათუმის რადიოსა და საქართველოს რადიოს არქივებში დაცული ფოლკლორული მასალები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღინუსხა ფოლკლორული მასალების სოლიდური რაოდენობა. დადგა ფოლკლორული მასალების კატალოგებისთვის სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნის საჭიროება და შეიქმნა ვებგვერდი
https://folkcatalog.ge/
პროექტის ხელმძღვანელია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორი, არქივარიუსი სანდრო ნათაძე;
მთავარი სპეციალისტი – საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორი – თეონა რუხაძე.
კატალოგიზაციის პროექტში აგრეთვე ჩართული იყვნენ ეკატერინე სანიკიძე, თეონა ბენაშვილი, ნანა გარსევანიშვილი, ნუნუკა შველიძე, თეა კასაბური, ლიკა ლიპარტელიანი, ტრისტან წიქარიძე.
ფოლკლორული საარქივო მასალების კატალოგიზაციის პროექტს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2021 წლიდან ახორციელებს.
პროექტი უპრეცედენტოა და ხელს უწყობს ფოლკლორით დაინტერესებული მკვლევრების, სტუდენტების, ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელების და წევრებისთვის საჭირო მასალის მოძიებას და შესწავლას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები