ფილიპ დიმიტროვი თვის ბოლოს საქართველოს ტოვებს
ევროკავშირის ქართული მისიის ხელმძღვანელის პატივსაცემად დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ მიღება გამართა, რომელშიც წამყვანი ბიზნესკომპანიები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
“თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრ ადამიანს და სირთულეს შევხვდი. იმედით ვუყურებ იმ სიღრმისეულ რეფორმებს, რომლებიც “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გატარდა. ბევრი იმედგაცრუებაც იყო, უამრავ ადამიანს აქვს საჩივარი, ჩვენ ამას ვხვდებით სხვა ქვეყნებშიც, ჩემს ქვეყნაშიც.
დასახული მიმართულება სწორია, ძალიან ოპტიმისტურად ვარ საქართველოს მიმართ განწყობილი, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
საბჭომ ფილიპ დიმიტროვს სერტიფიკატი გადასცა და მას ბიზნესსაბჭოსა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.