რუსეთში თვითმფრინავს, რომელიც ნიკოლაევსკში რეისს ასრულებდა, საქარე მინა გაებზარა – 69 მგზავრი უკან დააბრუნეს
რუსული ავიაკომპანია “ავრორას” თვითმფრინავს, რომელიც რეისს ნიკოლაევსკში ასრულებდა საქარე მინა გაებზარა, რის გამოც საჰაერო ხომალდი ხაბაროვსკში დააბრუნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურა ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ბორტზე 69 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით, საზედამხედველო უწყების მიერ ფრენის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის შემოწმება მოხდება, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საკითხებს დაეთმობა.
The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით, რუსეთში 2023 წელს ყოველ 100 000 გაფრენაზე 9,9 ინციდენტი ფიქსირდებოდა, რაც 2022-თან და პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით ორჯერ გაზრდილი მაჩვენებელია – მაშინ 5 და 4,5 შემთხვევა იყო.
გამოცემას, ასევე, მოჰყავს გერმანული პორტალ Jacdec-ის მონაცემი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას 19- და მეტადგილიანი თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე – „გასულ წელს, დაახლოებით, 74 ინციდენტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2022 წელს – 36 იყო“.