“მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის განვითარება შეუძლებელია” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ერევანი ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან სამხედრო ამოცანების რეალიზება მხოლოდ რუსეთთან არ შეიძლება, როგორც ეს აქამდე იყო.

ამის შესახებ მან სომხეთის მაუწყებელში გამოსვლის დროს თქვა.

ფაშინიანის თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97% რუსეთთან იყო, მაგრამ ახლა „ეს შეუძლებელია, როგორც ობიექტური, ასევე, სუბიექტური მიზეზების გამო“.

მისი თქმით, სომხეთმა „უნდა გაიაზროს, ვისთან შეიძლება რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები“.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით, არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. თუმცა, იმავე წლის ზამთრის მოვლენებმა აჩვენა, რომ „ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია, და ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია სამხედრო-ტექნიკურ სფეროში მოსკოვთან თანამშრომლობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები