ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე „მაწვნის სახლი“ გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ, კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ალავერდში „მაწვნის სახლის“ პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – დიმიტრი ქუმსიშვილი და დავით ლეჟავა.
პრეზენტაციაზე ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, გიორგი სოლომონია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეები, ილია დარჩაშვილი და თორნიკე თორაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდნენ.
კახეთის განვითარების პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2012 წლიდან ხორციელდება.
მისი ღირებულება 60 მილიონი აშშ დოლარია.
სამინისტყროს ინფორმაციით, ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ალავერდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა და აღიჭურვა „მაწვნის სახლი“, რომელიც ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. „მაწვნის სახლის“ მშენებლობა-აღჭურვისთვის 935 000.00 ლარი დაიხარჯა. მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული. აღნიშნული ტურისტული ობიექტის მიზანი ქართული ძირძველი ტრადიციების შენარჩუნებაა. აქ ბუნებრივ დედოზე დამზადებული მაწონი, ხავიწი, ალავერდის მეფუტკრეთა თაფლი, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული ქართული ხორბლის შოთის პური, ადგილობრივი წარმოების გუდის ყველი და ქვევრის ღვინო იწარმოება. ქვევრის ღვინოს დაყენების უძველეს მეთოდს, UNESCO-ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა. „მაწვნის სახლში“ უკვე დასაქმდა ალავერდის მონასტრის მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა. ტურისტული ობიექტის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ჯამში, 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. „მაწვნის სახლი“ კახეთის განვითარების პროექტით გათვალისწინებული პირველი დასრულებული ობიექტია. ამავე პროექტის ფარგლებში, 2015 წლის ბოლომდე, კიდევ 9 ობიექტის დასრულება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები