„კლიენტელიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

6 თებერვალს, 19:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება ტიმოთი ბლაუველტის წიგნის „კლიენტელიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში“ წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტიმოთი ბლაუველტი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის მკვლევარი.
„მისი წიგნი ვრცელ კვლევასა და ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მოგვითხრობს, თუ როგორ მართავდა ნესტორ ლაკობა ადრეულ საბჭოთა აფხაზეთს ეთნიკურ-კლიენ­ტელური ქსელის მეშვეობით. ნეპოტიზმის, კორუფციის, ფლანგვის, გამო­ძალვის, მკვლელობების არაერთი ბრალდების გამო, ლაკობა და მისი დაჯგუფება ხშირად ხდებოდა სასამართლო პროცესებისა თუ საგამოძიებო კომისიების კვლევის ობიექტი, თუმცა ბევრი წლის განმავლობაში ახერ­ხებდნენ დაერწმუნებინათ ძლევამოსილი მფარველები თავიანთ შეუცვ­ლელობაში.
ეს წიგნი ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს საქართველოში ადგილობრივი ელიტების ქცევის ბუნე­ბის გააზრებაში – ეს გაკვეთილები სასარგებლო იქნება მიმდინარე დისკუსიისათვის აფხაზეთის თემაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წიგნი გამოიცა ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით.
მთარგმნელი – ქეთი ქანთარია.
პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ:
ავტორი – ტიმოთი ბლაუველტი;
ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი სონია შიფერსი;
ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე;
ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორები – ისტორიკოსები ირაკლი ხვადაგიანი და დავით ხვადაგიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები