შალვა პაპუაშვილი: ყველანაირად ჩანს, რომ იგეგმება რადიკალური დღის წესრიგის განვითარება და გვინდა, მოსახლეობა ამისთვის მზად იყოს
ყველანაირად ჩანს, რომ იგეგმება რადიკალური დღის წესრიგის განვითარება და გვინდა, მოსახლეობა ამისთვის მზად იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დაკავებულია მხოლოდ გარკვეული თეატრალიზებული წარმოდგენებით.
„მუდმივი ბოიკოტობანაა, რასაც ისინი [ოპოზიცია] თამაშობენ. ხან არიან ჩართული, ხან – არა, ხან ბოიკოტში არიან და ხან მუშაობაში მონაწილეობენ, ეს ჩვეულებრივი წესია და ამაზე ჩვენს საქმიანობას ვერ ავაწყობთ. პირიქით, ჩვენ გვინდა, მოსახლეობა იყოს მზად და ყველანაირად ჩანს, რომ იგეგმება რადიკალური დღის წესრიგის განვითარება, ამას მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ ამომრჩეველს შევთავაზებთ ძალიან შინაარსობრივ, საგნობრივ საარჩევნო კამპანიას, სადაც გვექნება საუბარი მიზნებზე, იდეებზე, ისევე, როგორც 2020 წელს. ვხედავთ, რომ ოპოზიციას დღემდე არაფერი აქვს სათქმელი ერთი-ორი აჩემებული თემის გარდა, ვერ სცდებიან საერთოდ. დააკვირდით მათ შორის საპარლამენტო საქმიანობას, უამრავი კანონი მივიღეთ პარლამენტში შარშან, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს მოქალაქეებს, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს და საერთოდ არ არიან ჩართულები არანაირ დისკუსიაში. კენჭისყრებშიც არ მონაწილეობენ. სამწუხაროდ, დაკავებული არიან მხოლოდ გარკვეული თეატრალიზებული წარმოდგენებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.