ზურა აბაშიძე: ვიღაცების სურვილია, რომ ალასანია კოალიციას გაემიჯნოს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ტყუილს და აბსურდს უწოდებს. როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ალასანიას წინა ხელისუფლებასთან კავშირი თითიდან გამოწოვილი თემაა. მისი თქმით, ვიღაცების სურვილია, რომ კოალიცია დაიშალოს და მართველ გუნდს ალასანია გაემიჯნოს.
„საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც სურვილი აქვთ, განხეთქილება შეიტანონ „ქართული ოცნების“ რიგებში. ხშირად ახსენებენ ირაკლი ალასანიას, მაგრამ ეს თითიდან გამოწოვილი თემაა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. კოალიცია „ქართული ოცნება“ და მასში შემავალი პარტიები იმ ვალდებულებას, რომელიც ქართველი ამომრჩევლის წინაშე ავიღეთ, ბოლომდე შევასრულებთ, მერე კი მომავალი გვიჩვენებს, ვინ სად იქნება და ვინ რას გააკეთებს. ხალხს კოალიციის ყველაზე მაღალი ნდობა აქვს. „თავისუფალი დემოკრატები“ და მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ამ კოალიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიღაცების სურვილია, რომ დაიშალოს კოალიცია, გაემიჯნოს მას ალასაია, მაგრამ ეს სრული აბსურდი და ტყუილია. ირაკლის აქვს თავისი სამოქმედო არეალი და სერიოზული წარმატებები გვაქვს მის სფეროში. ის საკმაოდ ავტორიტეტული და რეიტინგულია“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.