ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წლის განმავლობაში
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს როგორც ევროპის რეგიონის, ასევე ფართო რეგიონის და ევროპის კანდიდატ ქვეყნებს შორის აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წლის განმავლობაში”,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლით ასევე რეკორდული შედეგი აქვს.
“მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება მომავალ წლებშიც. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საგარეო ვაჭრობის, ასევე ტურიზმის და საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები. როგორც მოგეხსენებათ, საგარეო ვაჭრობის კუთხით, ექსპორტის დაახლოებით 9-პროცენტიანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ, 6.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლით ასევე რეკორდული შედეგი გვაქვს 2023 წელს. 4 მილიარდ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა. ჯამურად კი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 17 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა ცინცაძემ.