ექსპერტებმა საქართველოს გარემოსდაცვითი საქმიანობის შეაფასეს
საქართველოს ორკვირიანი ვიზიტით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 16 ექსპერტი ეწვია, რომლებიც „საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის მესამე მიმოხილვის“ დოკუმენტს შეიმუშავებენ. დოკუმენტის მომზადებას, სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უწევს. ექსპერტები დღეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილს, სხვა შესაბამის სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს, ასევე გარემოსდაცვით საკითებში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ სპეცილისტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექსპერტებს გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე გაანალიზდა მეორე მიმოხილვის დოკუმენტის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა და 2010 წლიდან დღემდე მიღწეული პროგრესი. „საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის მესამე მიმოხილვის“ დოკუმენტი 14 თავს მოიცავს. გარემოს დაცვის სფეროში არსებული სექტორული მიმართულებების გარდა (წყლის რესურსები, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ტყის რესურსები, დაცული ტერიტორიები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა) დოკუმენტში ასვე განხილული იქნება სხვა მომიჯნავე დარგებიც, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი. საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის პირველი და მეორე მიმოხილვა 2003 და 2009 წლებში ჩატარდა. მსგავსი შეფასება 25 სახელმწიფოს ჩაუტარდა. ამჟამად, UNECE-ის მხარდაჭერით მესამე ანგარიშის მომზადება ერთდროულად სამ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მიმდინარეობს. დოკუმენტს UNECE-ის გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტი დაამტკიცებს.