“რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება 2024 წელს არის შესაძლებელი” – ნატოს ყოფილი მთავარსარდალი
ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ჯეიმს სტავრიდისი ამბობს, რომ როგორც რუსეთი, ისე უკრაინაა ომისგან დაღლილი, ამიტომ სავარაუდოა, რომ მხარეები წლის ბოლომდე მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან.
ამის შესახებ მან რადიოსადგურ WABC 770 AM-თან ინტერვიუში თქვა.
”ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა, აშშ-ის არჩევნების შემდეგ, გვექნება მომენტი პოტენციური მოლაპარაკებებისთვის,” – თქვა სტავრიდისმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიც და უკრაინაც სირთულეებს განიცდიან და დახმარებას მესამე ქვეყნებისგან იღებენ, „სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებებს გადადებენ“.
ჯეიმს სტავრიდისი ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შესაძლოა, „კორეის ომის მსგავსად დასრულდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გააკონტროლებს უკრაინის გარკვეულ ნაწილს, ყირიმს, რუსეთში მიმავალ სახმელეთო ხიდს“.
”მეორე მხრივ, მე ვვარაუდობ, რომ უკრაინა შეუერთდება ნატოს. ვფიქრობ, რომ ამ შეთანხმების კონტურები, წლის განმავლობაში ალბათ, უფრო ნათელი გახდება,” – თქვა ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა.