“ჩვენი კარი დაკეტილია მათთვის, ვინც “ოკუპირებულ ტერიტორიად” მიგვიჩნევს” – ოკუპირებულ აფხაზეთში ტოივო კლაარი არ შეუშვეს
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელ ტოივო კლაარს ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლაზე უარი უთხრეს. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის მანძილზე ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა.
კლაარმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც, მათ შორის, საუბრობს იმაზე, რომ, “არსებული ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უთანხმოება ზოგიერთ ძირითად საკითხზე, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას და ინტერაქციას ყველა იმ სფეროში, რაც მე აღვნიშნე. აფხაზეთის შედარებით ღიაობა არ უნდა გახდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მსხვერპლი. პირიქით, ახლა საჭიროა მეტი პირდაპირი კონტაქტი მოსაზრებებისა და შეფასებების გასაცვლელად, აგრეთვე, შემდგომი ურთიერთქმედების შესაძლებლობების განსახილველად”.
საკითხს ე.წ. რესპუბლიკის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, მილანა წვიჟბა გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკის კარი დაკეტილია მათთვის, ვინც “ოკუპირებულ ტერიტორიად მიგვიჩნევს”.
წვიჟბას თქმით, კლაარის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკის ჩავარდნაზე მიანიშნებს, რომელიც „აღიარების გარეშე ჩართულობას“ ითვალისწინებს და ადასტურებს, რომ ამ პოლიტიკის განხორციელებაში “საერთაშორისო და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული”.
„ბატონმა კლაარმა უნდა გააცნობიეროს, რომ, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ პოლიტიკის ხელშემწყობი სტრუქტურების დაფინანსების ღიად მხარდაჭერით, ის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათ ლეგალურ გამოვლენას ახდენს. ევროპელმა, ამერიკელმა და ქართველმა ფუნქციონერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენი კარი სამუდამოდ დაკეტილია მათთვის, ვინც ჩვენ „ოკუპირებულ ტერიტორიად“ მიგვიჩნევს“, – ნათქვამია ტექსტში.
როგორც ცვიჟბამ აღნიშნა, როდესაც კლაარი ამბობს, რომ “დასავლურ სტრუქტურებთან ურთიერთობის შეზღუდვა აფხაზეთის პრობლემებს გაამწვავებს, ის ცდილობს, გაამართლოს დაფინანსება, რომელიც მათ მიიღეს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ პოლიტიკის არაეფექტური განხორციელებისთვის”.
„ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ოფიციალური პლატფორმის ფარგლებში, შედეგების მიღწევის იმედი გვაქვს, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თანაბარი დიალოგის პრინციპების შესაბამისად“, – განაცხადა წვიჟბამ.