შემოსავლების სამსახური მედიასაშუალებას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

შემოსავლების სამსახური მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გაზეთ „ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომელიც „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ივლისში ფიზიკური პირის მიერ საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე ტვირთის შემოტანის მცდელობის ფაქტს ეხება. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ გამოქვეყნებული სტატია, ისევე, როგორც ამავე გაზეთში 2014 წლის 7 ივლისს დაბეჭდილი პუბლიკაცია, ეფუძნება დაუსაბუთებელ, აბსურდულ და ცილისმწამებლურ ბრალდებებს საბაჟო ორგანოების თანამშრომელთა წინააღმდეგ. ამასთან, შემოსავლების სამსახურში მიიჩნევენ, რომ საგაზეთო პუბლიკაცია ხელყოფს არა მხოლოდ სტატიაში დასახელებული პირების პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, არამედ მიზნმიმართულად ეწევა შემოსავლების სამსახურის, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. “შემოსავლების სამსახურმა პირველივე პუბლიკაციის გამოქვეყნებისთანავე შეისწავლა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას ტვირთის შემოტანის ფაქტთან დაკავშირებით და განმარტა განხორციელებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. ინფორმაცია გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ასევე საპასუხო წერილი მიეწოდა გაზეთ „ქრონიკას“, რომელმაც არ გამოაქვეყნა წერილი და საკითხი კომენტარის გარეშე დატოვა. ვინაიდან 15 სექტემბრის პუბლიკაცია კვლავინდებურად ცდილობს, მოახდინოს შემოსავლების სამსახურის დისკრედიტაცია, ზემოაღნიშნულ ფაქტზე განმეორებით აპელირების გზით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას, საბაჟო საზღვარზე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით: 2014 წლის 1 ივნისს საქართველოს საბაჟო საზღვარი გადმოკვეთა საბერძნეთის მოქალაქე კ.გ.-მ, რომელმაც მებაჟე ოფიცრებისგან მოითხოვა მის მიერ შემოტანილი ტვირთის, 215 კილოგრამი ხის ნაკეთობების საეკლესიო საქონლად შეფასება და საბაჟო გადასახდელებისგან განთავისუფლება. მოქალაქეს განემარტა, რომ იმპორტირებული საქონლის საეკლესიო ნივთებად შეფასება და სპეციალური საბაჟო შეღავათით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს მიერ გაცემული სანებართვო წერილის საფუძველზე. წერილის წარმოდგენამდე საქონელი დასაწყობდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. სანებართვო წერილი მოქალაქემ ვერ წარმოადგინა. მან ასევე ვერ წარმოადგინა საქონლის შესყიდვის დოკუმენტი. შესაბამისად, ტვირთის რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდა ექსპერტიზა. საქონლის საბაჟო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა 1800 ლარით. შეივსო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და დაერიცხა იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი – 216 ლარი; დღგ – 362 ლარი; გეზ-ის მომსახურება – 100 ლარი; დამატებით 54 ლარი – საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენისათვის და 8,6 ლარი – რაოდენობის განსაზღვრისათვის. თანხების დანიშნულებისამებრ გადახდა დასტურდება საბანკო დოკუმენტებით. ამავე დროს, მოქალაქე კ.გ.-ს მებაჟე ოფიცრის მიერ დამატებით განემარტა, რომ სანებართვო წერილის მოგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათით. აღსანიშნავია, რომ მოქალაქე კ.გ-ს საბაჟო ოპერაციების განხორციელების არც ერთ ეტაპზე არ გამოუთქვამს პრეტენზია საბაჟო კონტროლის განსახორციელებელ პროცედურებთან დაკავშირებით. მოქალაქეს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისათვის საჩივრით და არ გამოუყენებია მისთვის საგადასახადო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედებები და გადაწყვეტილებები. საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ყველა ოპერაცია სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივ გადაცდომას, მით უმეტეს უფლებამოსილების გადაჭარბებას. სტატიაში მოყვანილი ფაქტები საბაჟო ადმინისტრაციის მხრიდან უკანონო ქმედების შესახებ არა მხოლოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ცალსახად ცილისმწამებლურია. ამასთან, ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ მოქალაქეთა თითოეულ მომართვაზე, თუკი ის ეყრდნობა რეალურ ფაქტებს სისტემაში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით და მსგავსად ზემოაღნიშნული საგაზეთო პუბლიკაციებისა, არ იქნება დაფუძნებული უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ, ცილისმწამებლურ ბრალდებებზე, რაც მიზნად ისახავს საბაჟო ორგანოს, შემოსავლების სამსახურისა და ზოგადად, ქვეყნის საგადასახადო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“,-აღნიშიულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები