ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე და მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს
რუსმა სპელეოლოგებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს.
როგორც სპელეოლოგი, გენადი სამოხინი ამბობს, ადგილობრივების მინიშნებით სოფელ ჩაგრიფშში ერთი გამოქვაბული იპოვეს, რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან და შესაძლოა, უფრო ადრეც.
“ჩავედით მასში, დავინახეთ, რომ მღვიმე საინტერესოა, მდინარით და დავიწყეთ რეგიონის შესწავლა. აღმოვაჩინეთ, რომ ამ რაიონში 20-მდე გამოქვაბულია, ჩვენამდე 15 მათგანი იყო ცნობილი”, – ამბობს სამოხინი.
მისი ინფორმაციით, აღმოჩენილი უდიდესი გამოქვაბულის სიღრმე 300 მეტრს აღწევს, დანარჩენების 15-დან 27 მეტრამდე მერყეობს.
„აფხაზეთი, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა, რომელიც მდიდარია ყველაზე ღრმა გამოქვაბულებით. ეს უბრალოდ უნიკალურია! აქ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა. მთები, რომლებიც შედგება დიდი სიმაღლის კირქვისგან, ანუ ზღვის დონიდან, დაახლოებით 2500 მეტრზე არის კარსტული მასივები. არის ქვების ფაქტორი, ქანები, რომლებშიც იხსნება და მიდრეკილია კარსტისკენ. კიდევ ერთი ფაქტორია – ბევრი წყალი. ჩემზე უკეთ იცით, რამდენი ნალექია აფხაზეთში – წელიწადში ორიდან სამ ათას მილიმეტრამდე, ეს ყველაზე მძლავრი ნალექია კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, რაც ამ კირქვებს საშუალებას აძლევს ათასობით წლის განმავლობაში შექმნან ყველაზე ღრმა გამოქვაბულები. შესწავლილი გამოქვაბულების ასაკი – მილიონობით წელია, სულ მცირე, ხუთი ან მეტი, ისინი გაჩნდნენ მაშინ, როდესაც კავკასიონის მთების აქტიური ამაღლება დაიწყო“, – თქვა სამოხინმა.
მან დასძინა, რომ რუსი მეცნიერები, ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის ე.წ.სახელმწიფო კომიტეტთან ერთად, იკვლევენ ე.წ.რესპუბლიკაში მსოფლიოს სამ ყველაზე ღრმა გამოქვაბულს: კრუბერას, ვერევკინას და მოსკოვსკაიას.