მედია: ბელგოროდთან ჩამოვარდნილი ილ-76 ეგვიპტის, საუდის არაბეთის, წითელი ზღვისა და ირანის გავლით მოფრინავდა და მის ბორტზე, სავარაუდოდ, იარაღი იყო

ბელგოროდთან რამდენიმე საათის წინ ჩამოვრდნილ ილ-76-თან დაკაშირებით რუსულ და უკრაინულ მედიასივრცეში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

რუსეთის ტელე და სოციალური მედია, ასევე, თავდაცვის უწყება აცხადებენ, რომ თვითმფრინავში 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც დღეს იგეგმებოდა და რომ თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.

ცოტა ხნის წინ, კრემლის პროპაგანდისტმა – მარგარიტა სიმონიამა, თითქოსდა, ბორტზე მყოფი უკრაინელი ტყვეების სია გამოაქვეყნა.

​ამავდროულად, უკრაინის ოფიციალური უწყებები მომხდარზე ფრთხილ კომენტარს აკეთებენ.

კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარს იძიებენ; სადაზვერვო სამსახურში კი ადასტურებენ, რომ დღეს ტყვეთა გაცვლა მართლაც იყო დაგეგმილი, თუმცა, იმყოფებოდნენ თუ არა თვითმფრინავში უკრაინელები – “არკვევენ”.

ცოტა ხნის წინ კი, RBC-Ukraine-ნამ უკრაინულ OSINT-ის ანალიტიკოსზე დაყრდნობით სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, რომ, თითქოს, ილ-76-ი ნომრით RA-78830 მოფრინავდა ეგვიპტის, საუდის არაბეთის, წითელი ზღვისა და ირანის გავლით, სირიასთან ის რადარებიდან გაქრა და შემდეგ, ბელგოროდთან გამოჩნდა.

გამოცემის ვერსიით, „ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ილ-76-ს აღმოსავლეთიდან იარაღი მოჰქონდა და ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი ნიშანი იმის, რომ იქ შესაძლოა, ტყვეები იმყოფებოდნენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები