გია ცაგარეიშვილი: ხელისუფლებამ გიგანტურ შედეგს მიაღწია, რასაც ჰქვია პატიმრების ღირსეულ პირობებში ყოფნა

„ქართული ოცნების“ წევრი, გია ცაგარეიშვილი „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ მიერ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რაც პენიტენციურ სისტემაში ხდება, უდიდესი მიღწევაა.

„ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს იმასთან შედარებით, რაც პატიმრებმა სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში გაიარეს, თან რა დონის და რა მასშტაბის წამება, ადამიანები ჯურღმულებში იყვნენ და უამრავი პატიმარი წამებით სწორედ იქ გარდაიცვალა. მახსენდება, სერგო თეთრაძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა როგორი წამებით მოკლა. რასაც ახლა დასკვნაში ვკითხულობთ, ამ ჯოჯოხეთთან და უბედურებასთან შედარებით აბსოლუტურად გაფერმკრთალებულია. რაც პენიტენციურ სისტემაში ხდება, უდიდესი მიღწევაა. ხელისუფლება არა მხოლოდ მშვიდობით და წელში გამართვით ფასდება, არამედ იმით, თუ როგორ ექცევა და რა მდგომარეობაში იხდიან ადამიანები სასჯელს. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ინდიკატორია წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოების. თუ გაიხსენებთ, მათ საშინელ წლებში რა ხდებოდა, სხვაობას მიხვდებით. ხელისუფლებამ გიგანტურ შედეგს მიაღწია, რასაც ჰქვია პატიმრების ღირსეულ პირობებში ყოფნა. დასკვნაც ცხადყოფს, რომ სხვაობა თვალშისაცემია და გიგანტურია“,  – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები