პოროშენკო დონბასს ყველა „ბოევიკის“ ამნისტიას და 3 წლით „განსაკუთრებულ სტატუსს“ სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი დონბასს 3 წლით „განსაკუთრებულ სტატუსს“ სთავაზობს. შესაბამისი დოკუმენტი რადის დეპუტატებმა დღეს მიიღეს. „უკრაინსკაია პრავდა“ დოკუმენტიდან ნაწყვეტს აქვეყნებს:
„ამ კანონის შესაბამისად, დროებით, კანონის ამოქმედებიდან 3 წლის ვადით დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული წესი ამოქმედდება“.
დონბასის რაიონების განსაკუთრებული სტატუსი, კანონის შესაბამისად, ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ნიშნავს. სახელმწიფო „დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე მოვლენების მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის და დასჯის პრევენციის გარანტიას იძლევა“.
გარდა ამისა, აკრძალული იქნება „დისკრიმინაცია, დევნა და პირების პასუხისგებაში მიცემა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში განვითარებული მოვლენების გამო “. პროექტის თანახმად, რეგიონში არჩევნების ჩატარებაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, პროკურატურის და სასამართლოების ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნის განსაკუთრებული წესი ამოქმედდება. გარდა ამისა, კანონით ცალკეული რაიონების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების შეთანხმების გაფორმება იქნება შესაძლებელი. დოკუმენტით ასევე „თემთა შორის ცალკეული რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებს შორის მეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაა გათვალისწინებული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები