როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან – ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან.

როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი ვაქცინაციაა.

“როცა პრევენციულ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, 2 განსხვავებული მიდგომაა. ერთი, ყველაზე ეფექტიანი ვაქცინაციაა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი- ნოემბერის პირველი ნახევარია. ამ დროს გაკეთებული ვაქცინა გრიპის მთელი სეზონის განმავლობაში დაცვას გვაძლევს. თუ ვინმეს ვაქცინის გაკეთება ახლა აქვს გადაწყვეტილი, ახლაც შესაძლებელია, ოღონდ, ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ვაქცინის გაკეთების შემდეგ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ 10 დღე მაინც იზოლირებული იყოთ, მინიმუმადე კონტაქტი გქონდეთ, მხოლოდ ნიღბით გადაადგილდეთ. ორგანიზმი თავის მაქსიმალურ დაცვას გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ პერიოდში ავლენს. ეს 2 -კვირიანი ღიაობის პერიოდი მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რათა ინფიცირება არ მოხდეს. დანარჩენი რეკომენდაციებია: ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა. საყოფაცხოვრებო პირობებში სახლის ხშირი განიავება, სამუშაო სივრცის განიავება, სველი წესით დალაგება. დისტანცირებაზე ერთი განსხვავებაა: თუ კორონავირუსის დროს 2- მეტრიანი დისტანციის აუცილებლობაზე ვსაუბრობდით, გრიპის შემთხვევაში ეს შედარებით ნაკლებია და 1 მეტრი დისტანცია საკმარისად ითვლება იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ: 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი და ა.შ. რისკის ჯგუფის შემთხვევაში გაცილებითი მეტი ყურადღება, საფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება გვაქვს, ანტივირუსული პრეპარატის ჩართვის დროულობა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ითვლება, რომ გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი მაქსიმალურ ეფექტიანობას სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაში ავლენს. მნიშვნელოვანია, მშობლებმა დროულად მიმართონ ექიმს და ექიმი გადაწყვეტს, ამ პრეპარატის დანიშვნა არის, თუ არა აუცილებელი. დანარჩენი მართვა 2 რეკომენდაციას ეფუძნება, მაღალი სიცხის დროს ( 38 , 5 და მეტი), სიცხის დამწევის მიცემა, სითხეების დიდი რაონდეობით მიღება, მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა.”- განაცხადა ჩხაიძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები