მამუკა არეშიძე: დღეს აფხაზეთში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, ბევრი ხვდება, რომ თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეს, მაგრამ ისეთი ხაფანგური სიტუაციაა, იქიდან ვერ გამოდიან

“აფხაზეთში ანტიქართული განწყობა სულ აქვთ”,- ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ “კვირის პალიტრის” სტატიაში, “როგორ მუშაობს ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს აფხაზეთში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, ბევრი ხვდება, რომ თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეს, მაგრამ ისეთი ხაფანგური სიტუაციაა, იქიდან ვერ გამოდიან.

“აფხაზეთში ანტიქართული განწყობა სულ აქვთ. მათ ისტორიის სახელმძღვანელოებსა და ისტორიულ ნაშრომებში ომის დროს რუსეთის როლი მინიმალიზებულია, ხაზგასმულია აფხაზური “გმირობების” ამბები, ხოლო ქართველებზე ნათქვამია, რომ ფაშისტები არიან. იყო ლოზუნგური ფრაზები, თუნდაც ის, რომ რუსულ ოკეანეში დახრჩობა ურჩევნიათ ქართულ ჭაობს. ასევე გია ყარყარაშვილის გამოსვლა, რომ ნებისმიერი ქართველის სიკვდილის შემთხვევაში ბევრად მეტი აფხაზი იქნება ლიკვიდირებული. აქტიურად ტირაჟირებდნენ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის თუ მეცნიერების ანტიაფხაზურ გამონათქვამებს. მაგალითად, მათზე აფსუების ძახილს, რომ ქრისტიანი აფხაზები ქართველები იყვნენ, ესენი კი აფსუები არიან. მერე შეცვალეს პროპაგანდა და ლოზუნგებიდან სამეცნიეროზე გადავიდნენ, რომ აფხაზების იყო მთელი დასავლეთ საქართველო, რომ ბაგრატიონების დინასტია აფხაზეთიდან მოდიოდა და საბუთად ქართველი ისტორიკოსების, მელიქიშვილისა და ჯავახიშვილის ნაშრომები მოჰყავდათ. ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც ყარყარაშვილმა თქვა. აფხაზეთის სამეფოს პერიოდზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს. მათთვის ლეონ მეფესთან ერთად საამაყოა ბაგრატ მესამეც, რომელიც ქართველთა და აფხაზთა მეფე იყო. ამ დროს ბაგრატ მესამის ფრესკა რუსებმა გადაღებეს ბედიის მონასტერში და ხმას ვერ იღებენ. ამტკიცებენ, ძირძველი ტომი ვართ, არა ვართ მოსული აფსუები. ჩვენ უფრო დიდი ტერიტორია გვქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს და ქართველები რომ ამბობენ, სამურზაყანო საქართველოა, სამეგრელოს ნაწილიაო, ტყუილია, სამეგრელო კი არა, ქუთაისიც ჩვენი იყო, მთელი დასავლეთი საქართველო იყო აფხაზური, სადაც ქართველი ტომებიც ცხოვრობდნენო. აფხაზურ სამეცნიერო წრეებში ძალიან პოპულარულია მითი, რომ მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან. ამიტომაცაა, რომ ცდილობენ გალში მეგრული პრესის, ტელევიზიის შექმნას და ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლებას. ამით სურთ აჩვენონ, რომ დომინანტი იყო აფხაზური ფუძე და მის გარშემო გაერთიანდა სხვადასხვა ქართველთა თუ არაქართველთა ტომი.

აფხაზები ამბობენ, რომ ომში 3000 აფხაზი დაიღუპა და პატარა ერისთვის ეს უზარმაზარი რიც­ხვია­. ჩვენს დაღუპულ 23 000 კაცზე კი ამბობენ, თქვენთვის, დიდი ერისთვის, ეს გადამწყვეტი არ არისო. ჩვენ ვამბობთ, რომ აფხაზეთიდან გამოყარეს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის შერეული ოჯახები. ამაზე პასუხია, რომ ეს ომის შედეგია და ქართველების ბრალი იყო, ომი ქართველებმა დაიწყეს. ასეთი გაუთავებელი შეპასუხებებია. არადა, ჩვენ გვახსოვს არძინბას ცნობილი სიტყვები: “გაიძულებთ, რომ გვესროლოთ”. გულრიფშთან დაგვახვედრეს გვარდიელები, რომლებმაც გვესროლეს. ჩვენი მილიციის რაზმი შევიდა, რომ გალში ტყვედ ჩავარდნილი რომან გვენცაძე და სანდრო კავსაძე გაეთავისუფლებინათ. ჩასაფრებულმა აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გახსნა, და შეტევაც დაიწყო. არძინბას ზუსტად ეს უნდოდა. მანამდე უნივერსიტეტზე თავდასხმა და მთელი ამბები იყო. მოკლედ, რაც უნდოდათ, იმის პროპაგანდას ახდენდნენ და ამ ფორმით სთავაზობდნენ საზოგადოებას ადრეც და ახლაც.

ასეთ დროს ქართული მხარე პროპაგანდის თვალსაზრისით პასიურია. ეს თემა მოხსნა, რადგან სურს რაღაცნაირად შეიქმნას ურთიერთობის გარკვეული ფორმატი, ხოლო თუ გაუთავებლად ილაპარაკებ, რომ აფხაზებმა ბევრი სისასტიკე ჩაიდინეს, კამანის ეკლესიაში ხალხი, მათ შორის მღვდელი როგორ დახვრიტეს და ა.შ., ეს კეთილგანწყობის ფორმატს არ წაადგება. ამიტომ აფხაზებს დარჩათ ბურთი და მოედანი და შეუძლიათ ფაქტები, რომლებიც მართლა მოხდა, მითებით შემოსონ. თბილისის ეს მიდგომა იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ რბილი ძალის ფრონტალურ შეტევას ავამოქმედებდით სოცქსელებში, საინფორმაციო სივრცეში. სხვადასხვა ტიპის კავშირების მეშვეობით მივაწვდიდით რეალურ ინფორმაციას და აფხაზ ახალგაზრდებთან ვიმუშავებდით. ამას ძალიან დიდი ფინანსები და ძალები სჭირდება. მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი და საზოგადოების წარმომადგენელია, რომლებსაც აქტიური დებატები აქვთ აფხაზებთან სოცქსელებში. ბოლო დროს სიტუაცია ოდნავ გამოკეთდა, სოცქსელში გაჩნდა რუსულ ენაზე საინტერესო სიუჟეტი, მაგალითად, პოპულარულ ენაზე თარგმნილია სინამდვილეში ვინ იყო მეფე ლეონი, ბაგრატ მესამე, როგორ მოხდა ჯიქების გააფხაზება, ადიღეური ტომების ჩამოსვლა და ა.შ… მოყვანილია როგორც ქართველი, ისე რუსი მეცნიერების ნაშრომები.

ჩაგვრის ელემენტებად იმას ასახელებენ, რომ ბერიას დროს მცირემიწიან ქართველებს ასახლებდნენ აფხაზეთში აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან. ასევე პრეტენზია აქვთ, რომ 40-იან წლებში ანბანი ხშირად შეეცვალათ. ეს მართლაც იყო პრობლემა. იყო თაობა, რომელმაც 4 ანბანი გაიარა, ჯერ ქართულ ანბანზე ასწავლიდნენ, შემდეგ რუსულზე, შემდეგ ლათინურზე და შემდეგ ისევ რუსულზე. დღეს ანტიქართული პროპაგანდის ერთადერთი უკბილო ნარატივია, არიქა, თბილისი ომს დაიწყებსო, მაგრამ ამის თავადაც არ სჯერათ. თუმცა ნომერი პირველი მტერი ისევ თბილისია. სიტყვა “საქართველო” შეიცვალა “თბილისით”. გაჩნდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რატომ არ ვაძლევთ გალელ ქართველებს მოქალაქეობასო. კი, თბილისი მტერია, მაგრამ რუსეთიც მტერი ყოფილაო. მოკლედ, დიდი ჭიდაობა აქვთ, მით უფრო ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის და ახლა აპარტოტელების გამო. დღეს აფხაზეთში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, ბევრი ხვდება, რომ თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეს, მაგრამ ისეთი ხაფანგური სიტუაციაა, იქიდან ვერ გამოდიან”, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები