პოლონეთის ყოფილმა შს მინისტრმა ციხეში ყოფნის პირველივე დღეს შიმშილობა გამოაცხადა

პოლონეთის ყოფილმა შს მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ, რომელიც 9 იანვარს პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს, პატიმრობის პირველივე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.

შესაბამისი წერილით მან იუსტიციის სამინისტროს მიმართა.

ამის შესახებ RMF24 იტყობინება.

კამინსკიმ განაცხადა, რომ დაპატიმრებას და სადეპუტატო იმუნიტეტის ჩამორთმევას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

„ამიტომ, როგორც პოლიტპატიმარი, პატიმრობის პირველივე დღიდან ვიწყებ შიმშილობას. მოვითხოვ, ციხიდან ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ყველა ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებზეც ვრცელდება 2015 წლის პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი”,- ნათქვამია კამინსკის განცხადებაში.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მარია ეიხარტმა პოლიტიკოსის მიერ შიმშილობის გამოცხადებაზე თქვა, რომ „ეს არის მარიუშ კამინსკის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“.

ამასთან, მან თქვა, რომ მარიუშ კამინსკი და მინისტრის ყოფილი მოადგილე – მაცეი ვონსიკი არ აკმაყოფილებენ ევროპულ კრიტერიუმებს, რომ პოლიტპატიმრებად იყვნენ მიჩნეული.

კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე, მაცეი ვონსიკი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ 2007 წელს ე.წ.”მიწის საქმეში” უფლებამოსილების გადამეტება, როდესაც ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდნენ. იმ დროს ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას, პირველად, პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერი დონალდ ტუსკი იკავებდა.

2015 წლის მარტში ვარშავის რაიონულმა სასამართლომ კამინსკის და ვონსიკს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ისინი შეიწყალა. გასული წლის ივნისში კი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ საკასაციო აპელაციების შემდეგ, საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა და ის სასამართლოს დაუბრუნა.

2023 წლის დეკემბერში ვარშავის რეგიონალურმა სასამართლომ კამინსკის და ვონსიკს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

8 იანვარს კი ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათი დაკავების ორდერი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები